ფინანსთა მინისტრი ეკონომიკური საბჭოს შესახებ პრეზიდენტის კრიტიკულ შეფასებას არ ეთანხმება

ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ეკონომიკური საბჭოს შესახებ პრეზიდენტის კრიტიკულ შეფასებას არ ეთანხმება.

როგორც ნოდარ ხადურმა ჟურნალისტებს განუცხადა, ეკონომიკური საბჭო კარგი ინსტრუმენტია იმისთვის, რომ სხვადასხვა უწყებებს ერთმანეთთან აქტიური კომუნიკაცია ჰქონდეთ. "ეკონომიკური საბჭო არის ძალიან კარგი ინსტრუმენტი იმისთვის, რომ ჩვენ ვიმუშაოთ, ერთმანეთს მოსაზრებები გავუზიაროთ და სამუშაო რეჟიმში გვქონდეს უფრო მეტი კომუნიკაცია. ეკონომიკურ საბჭოში არ არიან მხოლოდ მინისტრები, იქ არიან ასევე სხვა უწყებების წარმომადგენლები და ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ასეთი ტიპის კომუნიკაცია დგება", - აღნიშნა ხადურმა.

რაც შეეხება ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით პრეზიდენტის შეფასებას, ფინანსთა მინისტრის თქმით, იმ დღეს, როცა პრეზიდენტი ამბობდა, რომ საქართველოში ეკონომიკური ზრდა არის შენელებული, გამოქვეყნდა სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაცია, რომ ეკონომიკა 5 პროცენტით გაიზარდა.