ირანთან მიღწეული შეთანხმების შედეგად ნავთობზე ფასი დაეცა

ირანსა და საერთაშორისო ექვსეულს შორის ჩარჩოშეთანხმების მიღწევა მსოფლიო ბაზარზე შავი ოქროს ფასებზე აისახა.

"ვოლ სტრიტ ჯორნალის" ცნობით, "ბრენტის" ტიპის ნავთობი 3,8 პროცენტით შემცირდა და ერთ ბარელზე 54,95 დოლარი შეადგინა. ასევე შემცირდა დიზელის ფასებიც, ერთი გალონი დიზელის ფასი 6,44 პროცენტით დაეცა და 1,68 დოლარი შეადგინა, რაც 29 იანვარის შემდეგ ყველაზე დაბალი მონაცემია. რაც შეეხება ბენზინის ფასს, იგი თითქმის 7 პროცენტით შემცირდა, რის შემდეგაც ერთი გალონი ბენზინის ყიდვა 1,76 დოლარადაა შესაძლებელი.

ირანთან ჯერ საბოლოო შეთანხმება მიღწეული არ არის, საერთაშორისო ექვსეული - აშშ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია, რუსეთი და ჩინეთი თეირანისგან ბირთვული პროგრამის შეზღუდვას ითხოვს, კერძოდ, თეირანმა ურანის ცენტრიფუგების ორი მესამედი უნდა დახუროს. სანაცვლოდ კი დასავლეთი მზად არის დაწესებული სანქციების გაუქმებისთვის. სანქციების გაუქმება კი ირანული საწვავის ექსპორტის პერსპექტივას გაზრდის, რაც ექსპერტების განცხადებით, ფასების კიდევ უფრო შემცირებას გამოიწვევს.

ირანი მსოფლიოს ნედლი ნავთობის რეზერვების 10 პროცენტს ფლობს, თუმცა, სანქციების გამო მისი პროდუქციის ექსპორტი მნიშვნლოვნად შემცირდა. ოფიციალური მონაცემების მიხედვით, 2011 წელს დღის განმავლობაში ირანული ნედლი ნავთობის ექსპორტი 2,5 მილიონი ბარელით შემცირდა, 2013 წელს კი კიდევ 1,1 მილიონი ბარელით. ანალიტიკოსების განცხადებით, ირანი 20-დან 35 მილიონი ბარელის მოცულობის ნედლ ნავთობს ფლობს, რაც სანქციების გაუქმებისთანავე ექსპორტზე გავა.