"სინათლის ქალაქმა" და კომპანია Philips-მა აეროპორტის გზაზე LED სანათები დაამონტაჟეს

"სინათლის ქალაქმა" თბილისის აეროპორტის შესასვლელთან კომპანია Philips-ის მიერ წარმოებული დიოდური სანათები დაამონტაჟა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, სანათები თბილისში საპილოტე პროექტის ფარგლებში, საცდელი ვადით დამონტაჟდა. გარკვეული დროის განმავლობაში მათ ეფექტურობას სპეციალისტები დააკვირდებიან. თბილისის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, დიოდური განათების ჩართვის პროცესს გვიან ღამით "სინათლის ქალაქის" ხელმძღვანელობა და კომპანია Philips-ის წარმომადგენლები დაესწრნენ.

"ადგილი, თუ სად დამონტაჟდებოდა სანათები, მათ თავად აირჩიეს და აეროპორტის შესასვლელის მიმდებარე ტერიტორიაზე 6 დიოდური სანათი დამონტაჟდა. დღეიდან სპეციალისტები მათ ეფექტურობას დააკვირდებიან და შესაბამის დასკვნას წარმოადგენენ", - განაცხადა "სინათლის ქალაქის" დირექტორმა, ვასილ ხორავამ.

კომპანია Philips-ის წარმომადგენლებმა "სინათლის ქალაქთან" სამომავლო თანამშრომლობის იმედი გამოთქვეს. თბილისის მერიის ინფორმაციით, მიმდინარე წლის მარტში პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით გამართულ ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე მოიწონეს თბილისის მერიის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტი, რომელიც თბილისის 100 000 სანათის დიოდური სანათებით ჩანაცვლებას ითვალისწინებს. მათივე ინფორმაციით, დიოდური სანათები ელექტროენერგიის 60-70%-იან ეკონომიას გასწევს.

მერიის ცნობით, 50 დიოდური სანათი უკვე დამონტაჟებულია ლეხ კაჩინსკის ქუჩაზე და სკვერში, ასევე ბარათაშვილის ხიდზე. საპილოტე პროექტები "სინათლის ქალაქმა" პოლონურ კომპანიებთან - "ბიო სულოშენ" და "ევოლუცია პოლანდ", ერთობლივად განახორციელა.