ირაკლი ღარიბაშვილი იმედოვნებს, რომ ნინო გვენეტაძე მეტალურგიული ქარხნის დაყადაღებაზე მოსამართლის გადაწყვეტილებით დაინტერესდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იმედოვნებს, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე რუსთავის მეტალურგიული ქარხნის დაყადაღებაზე მოსამართლის გადაწყვეტილებით დაინტერესდება.

როგორც ღარიბაშვილმა დღეს განაცხადა, 4 500 ლარის დავალიანების გამო საწარმო დაყადაღებულია. ღარიბაშვილის განცხადებით, მოსამართლის მხრიდან ამ გადაწყვეტილების მიღება არის აბსოლუტურად გაუმართლებელი, უგუნური, დივერსიული და ის უნდა წარსდგეს საზოგადოების წინაშე განმარტებებისთვის.

"აღმაშფოთებელია, რომ რუსთავის მეტალურგიული ქარხანა არის დაყადაღებული. 4500 ლარის დავალიანების გამო 120 მილიონი დოლარის საწარმო არის დაყადაღებული. ეს არის კატასტროფა, ეს არის პირდაპირ დივერსია. ამ საწარმოში არის დასაქმებული 2500 ადგილობრივი მოსახლე. მინდა მივმართო იმ ადამიანს, ვინც ეს აბსოლუტურად გაუმართლებელი, დივერსიული გადაწყვეტილება მიიღო. მას მოუწევს, პასუხი აგოს 2 500 ოჯახის წინაშე და იმედი მაქვს, რომ სასამართლოს ახალი თავმჯდომარე დაინტერესდება ამ საქმით. მოსამართლე, რომელმაც მიიღო ეს გადაწყვეტილება, აუცილებლად უნდა წარსდგეს საზოგადოების წინაშე და განმარტოს, რატომ იღებს ასეთ დივერსიულ გადაწყვეტილებებს", - განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, მარაგი დარჩენილია 15 აპრილამდე, ამის შემდეგ კი არსებობს საფრთხე, რომ ეს ქარხანა გაჩერდეს. "არ ვერევით და არც ერთი არ მისცემს თავს უფლებას, რომ ჩავერიოთ სასამართლოს გადაწყვეტილებაში, მაგრამ მივმართავ იმ ადამიანს, ვინც ეს უგუნური გადაწყვეტილება მიიღო, რომ ეს არის მარტივი საკითხი. თუ ამ ორგანიზაციას აქვს დავალიანება, მას მარტივად შეუძლია გადაიხადოს. ეს არის ძალიან სერიოზული საკითხი და ყველას მოვუწოდებ, რომ გააკეთონ მკაცრი რეაგირება", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.