ჩეხი ბიზნესმენები თბილისში ინვესტიციების განხორციელებას გეგმავენ

თბილისის მერი დავით ნარმანია სამუშაო ვიზიტით ჩეხეთის რესპუბლიკის დედაქალაქ პრაღაში იმყოფება.

დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, დავით ნარმანია უკვე შეხვდა ჩეხ ინვესტორებს, რომლებიც თბილისში ინვესტიციების განხორციელების ინტერესს გამოხატავენ. შეხვედრას თბილისის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი ბერეკაშვილი ესწრებოდა.

შეხვედრაზე ურთიერთთანამშრომლობის რამდენიმე მიმართულება გამოიკვეთა. მათ შორისაა ქალაქის ურბანული დაგეგმარება, არქიტექტურული პროექტები, ტრანსპორტის, ნარჩენების გადამუშავებისა და წყალმომარაგების საკითხები. როგორც გაირკვა, ერთ-ერთი ჩეხური კომპანია თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობის კონკურსში მონაწილეობის მიღებას გეგმავს.

"შევხვდით მეწარმეთა ჯგუფს, რომელთანაც ძალიან საინტერესო თემებზე ვისაუბრეთ. განსაკუთრებით გვაინტერესებდა მშენებლობასთან და არქიტექტურასთან, ასევე, ტრანსპორტისა და ნარჩენების გადამუშავებასთან დაკავშირებული საკითხები. მნიშვნელოვანია, რომ ერთ-ერთმა კომპანიამ უკვე გამოხატა ინტერესი და ქმნის კონსორციუმს, რომელიც მონაწილეობას მიიღებს ჩვენს მიერ გამოცხადებული მყარი ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობის კონკურსში. ვისაუბრეთ, ასევე, წყალმომარაგების სფეროში გამოცდლების გაზიარების საკითხზე და იმ არქიტექტურულ პროექტებზე, რომელიც შესაძლოა მათი მონაწილეობით თბილისში განხორციელდეს," - განაცხადა შეხვედრის შემდეგ დავით ნარმანიამ.

როგორც ს/ს "ვიალტას" საბჭოს თავმჯდომარემ, იაკუბ იონიმ განაცხადა, მათი კომპანია კონკურსში მონაწილეობისთვის მზად არის. "ჩვენი კომპანია დაინტერესდა თბილისში ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობის საკითხით და თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობას ვაპირებთ. ამ ეტაპზე პროექტის მომზადების ფაზაში ვართ. ვამუშავებთ სამ ვერსიას. რომელიც უფრო მეტად მისაღები აღმოჩნდება თქვენი დედაქალაქის ხელმძღვანელობისთვის, მზად ვართ, ის პროექტი განვახორციელოთ", - განაცხადა იაკუბ იონიმ.