საწვავის ბაზარს გაძვირების მეორე ტალღამ გადაუარა

საწვავის ბაზარზე ფასებმა უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში ორჯერ მოიმატა.

ფასების მატების პროგნოზი გამართლდა და კლების ტენდენცია, რომელიც ივლისიდან მოყოლებული, 8-9 თვის განმავლობაში გრძელდებოდა, შეჩერდა.

"ლუკოილ ჯორჯიას" დირექტორის მოადგილე, შავლეგ მიშველაძე ჯერ კიდევ მარტის დასაწყისში აღნიშნავდა, რომ ფასები უახლოეს მომავალში მოიმატებდა. საწვავის ფასებზე პირველი გაძვირება სწორედ მარტის თვეს უკავშირდება. იმავე "ლუკოილ ჯორჯიაში" 18 მარტს ქსელში არსებულ ყველა პროდუქტზე ფასებმა 5 თეთრით მოიმატა.

"ფასები სულ ორჯერ გავაძვირეთ - 18 მარტსა და 1 აპრილს. 1 აპრილსაც 5 თეთრით მოიმატა. ანუ ჯამში, ჩვენს ქსელში საწვავი სულ 10 თეთრით გაძვირდა", - აღნიშნა შავლეგ მიშველაძემ ბპნ.გე-სთან საუბრისას.

ამ ეტაპზე 5 თეთრით არის გაზრდილი ფასი ყველა პროდუქტზე "ვისოლის" ქსელში.

”ფასის ცვლილება ორჯერ იყო, მაგრამ თავდაპირველად ეს შეეხო სამ პროდუქტს, და შემდეგ დარჩენილ სამ პროდუქტს. ყველა პროდუქტის გაძვირება მხოლოდ ერთხელ მოხდა 5 თეთრით. თავიდან გაძვირდა პრემიუმ პროდუქტები, ანუ "ეკო დიზელი", "ეკო პრემიუმი" და "ეკო სუპერი", შემდეგ კი ეკონომ პროდუქტები - "ევრო რეგულარი", "ეკო რეგულარი" და "დიზელ ენერჯი". ჯამში, მხოლოდ 5 თეთრით მოიმატა ფასებმა",- აღნიშნავს "ვისოლის" საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი, რუსუდან კბილაშვილი.

"სოკარ ჯორჯიაში" ფასებმა ორჯერ მოიმატა და საერთო ჯამში, 10 თეთრი შეადგინა. მატება   ორ პროდუქტს, ბენზინსა და დიზელს შეეხო. 

"17 მარტს, 5 თეთრით, ბენზინსა და დიზელზე მოიმატა ფასებმა. შემდეგ 2 აპრილს, ასევე 5 თეთრით - ბენზინსა და დიზელზე", - ამბობს "სოკარ ჯორჯიას" კორპორატიული ბიზნეს-კომუნიკაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი ზუბიტაშვილი.

სამომავლო პროგნოზის გაკეთებისგან კომპანიის წარმომადგენლები თავს იკავებენ და აცხადებენ, რომ წინასწარ ამ თემაზე საუბარი რთულია, რადგან საწვავის ფასს პლატსის სავაჭრო ინდიკატორის მიხედვით განსაზღვრავენ. რეალურად, საქართველოში საწვავის ფასის დადგენისას, პლატსის წილი 60%-ს შეადგენს. 40% ამორტიზაციის, ტრანსპორტირების, ლოგისტიკის, აქციზისა და დღგ-ს გადასახადების ხარჯებზე მოდის.

თამარ კორკოტაშვილი