"იმისთვის, რომ არასაბაზრო კურსი დავიჭიროთ, რეზერვებს არ დავხარჯავთ, როგორიც უნდა იყოს მოთხოვნა და კრიტიკაც კი"

"შემომავალი ნაკადების შემცირების ფონზე ისე, რომ კურსი არ გაუფასურდეს და ეკონომიკური ზრდაც გვქონდეს, ასეთი ფორმულა დედამიწაზე არ არსებობს"

გაზეთ ”ვერსიასთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე მის წინააღმდეგ გამოთქმულ ბრალდებებს პასუხობს.

”ამ საკითხზე ბევრი განცხადება გაკეთდა, მაგრამ მარტივი ფორმულირებით აგიხსნით, რასთან გვაქვს საქმე: გვაქვს, დაახლოებით, 8.2 მილიარდი დოლარის იმპორტი, 4 მილიარდი დოლარის ექსპორტი, უარყოფითი სავაჭრო დეფიციტი 4-დან 4,5 მილიარდ დოლარამდეა, რომელიც ყოველწლიურად უნდა დავაფინანსოთ. დაფინანსების სამი ძირითადი წყარო არსებობს, ტურიზმი - 1,5 მილიარდი დოლარი, ფულადი გზავნილები - 1,4 მილიარდი დოლარი, ინვესტიციები და სესხები. თუ ეს წყაროები შენარჩუნებულია, პრაქტიკულად, უარყოფითი სავაჭრო ბალანსი დაფინანსებულია და შესაბამისად, კურსზე ზეწოლა არ არის. ბოლო 6 თვის განმავლობაში, ჩვენი ძირითადი უცხოური ფულადი ნაკადები - ექსპორტი, ტურიზმი, ფულადი გზავნილები შემცირდა, რაც ნიშნავს, რომ არ არსებობს იმავე ოდენობის იმპორტის დაფინანსების წყარო და კურსი ეცემა. ამას იმპორტის შემცირება უნდა მოჰყვეს და ახალი წერტილი ან ახალი ნიშნული გაჩნდეს. შემომავალი ნაკადების შემცირების ფონზე ისე, რომ კურსი არ გაუფასურდეს და ეკონომიკური ზრდაც გვქონდეს, ასეთი ფორმულა დედამიწაზე არ არსებობს! ამიტომ მივიღეთ ის პროცესი, რაც გვაქვს სახეზე და აქ არსებითი მნიშვნელობა უკვე იმას ენიჭება, როგორ აღვადგინოთ შემომავალი ფულადი ნაკადები. გასაგებია, მყისიერი გავლენა ვერ გვექნება გზავნილებსა და ექსპორტზე, თუმცა ინვესტიციებზე, ტურიზმსა და დამატებით წყაროებზე ანუ პრივატიზებაზე გავლენა შეგვიძლია. აი, ეს არის მარტივად, რაც ხდება საქართველოს ეკონომიკაში”, - აცხადებს გიორგი ქადაგიძე.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა სავალუტო ინტერვენციებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ეს ნაბიჯი ეროვნული ბანკის მხრიდან კონტრპროდუქტიულია.

”კიდევ ერთხელ, ხაზგასმით ვთქვათ, რომ იმ მარტივი ფორმულით, რომლითაც საუბარი დავიწყეთ და ესაა საგადამხდელო ბალანსი, დისბალანსის პირობებში, რეზერვების შემცირება ანუ ჩვენი სავალუტო მარაგის გამოტანა ბაზარზე და ამითი ჩანაცვლება შემცირებული ექსპორტის, გზავნილებისა და ტურიზმის, არა მარტო არასწორი გადაწყვეტილება, არამედ წარმოუდგენლად მცდარია; მეტიც, სავალუტო რეზერვებით ჩანაცვლება კონტრპროდუქტიულია, რადგან, როგორც კი ეს ბალანსი ხელოვნურად, ინტერვენციების დახმარებით ნარჩუნდება ანუ კურსი არ უფასურდება, ნიშნავს, რომ ეს კურსი საბაზრო არ არის. როცა ბაზრის ჩვეულებრივი მონაწილეები ხვდებიან, რომ კურსი არასაბაზროა, ისინიც კი, ვისაც უცხოური ვალუტის შესყიდვა არც კი სურდა, მაინც ყიდულობენ, რითაც მოკლე ვადაში, იმაზე მეტი მოთხოვნა წარმოიქმნება ბაზარზე, ვიდრე ჩვეულებრივ შემთხვევაში. აქ სპეკულაციაზე არაა საუბარი. თქვენ რომ იყოთ მეწარმე და ხედავდეთ, ლარის გაცვლითი კურსი ხელოვნურადაა შენარჩუნებული, რას გააკეთებთ? რა თქმა უნდა, გადაახურდავებთ ლარს დოლარში, რათა მინიმუმ, იგივე პოზიცია დაიტოვოთ და შედმგომში სავალუტო სარგებელი მიიღოთ. მაშინ რატომ ან როდის ვერევით ჩვენ?

იმის გამო, რომ პატარა, ღია ეკონომიკის ქვეყანა ვართ, შესაძლოა, მოკლე ვადაში, დიდი თანხების ერთობლიობამ დიდი რყევა გამოიწვიოს. ეს იყო ჩვენი ჩარევის მიზეზი, როგორც ნოემბერში, ასევე თებერვალში, მაგრამ არავითარ შემთხვევაში, ამ ჩარევის მიზანი არ არის და ვერ იქნება არასაბაზრო კურსის გრძელვადიანი უზრუნველყოფა. მეტიც, რამდენიც უნდა იყოს მოთხოვნა, რომ რეზერვები დავხარჯოთ, რათა წონასწორობა შევინარჩუნოთ, არ გავაკეთებთ! ვიდრე მე და ჩვენი გუნდი ეროვნულ ბანკში ვართ, ეს არ მოხდება, რადგან ეს არის რეზერვების გაფლანგვა, ასეთი მიდგომა შეცდომა, არასწორი პოლიტიკა, პრობლემის შეფუთვა და ამ პრობლემის გადავადებაა. ეს დადასტურებულია ეკონომიკის ისტორიაში არაერთ ქვეყანაში, მაგალითად მექსიკაში, დიდ ბრიტანეთში, ახლახან მოლდოვასა და რეგიონის სხვადასხვა ქვეყნებში განვითარებული მოვლენებით. ხაზგასმით ვამბობ: იმისთვის, რომ არასაბაზრო კურსი დავიჭიროთ, რეზერვებს არ დავახარჯავთ, როგორიც უნდა იყოს თხოვნა, მოთხოვნა და კრიტიკაც კი!” - განმარტავს გიორგი ქადაგიძე.