თურქეთი საქართველოს საიმპორტო კვოტას უწესებს

პარლამენტს სარატიფიკაციოდ წარედგინა დოკუმენტი, რომლითაც თურქეთი საქართველოს მზესუმზირისგან ნაწარმოებ კოპტონზე საიმპორტო კვოტას უწესებს.

საუბარია 15 000 ტონა ყოველწლიურ კვოტაზე. კერძოდ, საქართველოს პარლამენტმა "საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ" შეთანხმების I ოქმის II დანართში ცვლილებების რატიფიცირება უნდა განახორციელოს, რომელიც საქართველოში წარმოშობილ HS 1208 სასაქონლო პოზიციასთან მიმართებით თურქეთის მხრიდან კვოტირების დაწესებას ითვალისწინებს - საქართველოდან თურქეთში, საიმპორტო გადასახადის გარეშე, მხოლოდ 15 000 ტონა მოცულობის კოპტონი შევა.

კვოტის დაწესებაზე საქართველოსა და თურქეთის სამთავრობო კომისიები ჯერ კიდევ 2010 წელს შეთანხმდნენ, თუმცა შესაბამისი სარატიფიკაციო დოკუმენტი პარლამენტში ახლა შევიდა.

როგორც bpn.ge-ს ხელშეკრულებაში ცვლილებების განხორციელების მიზეზებთან დაკავშირებით, პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელმა გიგლა აგულაშვილმა განუცხადა, 2010 წელს თურქულმა მხარემ ერთ-ერთ შეხვედრაზე წარადგინა დოკუმენტები, რომელიც ადასტურებდა, რომ საქართველოდან თურქეთში ექსპორტირებული კოპტონი ქართული ადგილწარმოშობის არ იყო. კერძოდ, თურქეთში საქართველოდან გატანილი კოპტონი თავისი ოდენობით ქვეყანაში წარმოებული მზესუმზირის მოცულობას არ შეესაბამებოდა და მასზე გაცილებით მეტი ოდენობის იყო. აგულაშვილის ინფორმაციით, რეალურად ხდებოდა ის, რომ საქართველოდან თურქეთში უკრაინიდან შემოტანილი მზესუმზირის გადამუშავების შედეგად მიღებული კოპტონი გადიოდა, ან ხდებოდა საქართველოდან თურქეთში უკრაინაში გადამუშავებული კოპტონის, როგორც ქართული პროდუქტის, გატანა.

"ასეთი ტიპის შეზღუდვებს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაც ითვალისწინებს - სასაქონლო ნომენკლატურიდან 28 პროდუქტზე დაწესებულია გაყალბების საწინააღმდეგო მექანიზმი, რაც გულისხმობს იმას, რომ ევროპა გეუბნება - თუკი შენს ქვეყანაში წარმოებული პროდუქტი შემოგაქვს, კი ბატონო, მას ჩემს ბაზარზე საბაჟო გადასახადების, სატარიფო და სხვა ტექნიკური ბარიერების გარეშე შემოვუშვებ, მაგრამ თუკი სხვა ქვეყანაში წარმოებული გინდა შემოიტანო, როგორც შენს ქვეყანაში წარმოებული, ამისთვის კვოტას გიწესებ. დაახლოებით ეს მოდელია თურქეთის შემთხვევაშიც", - განუცხადა bpn.ge-ს გიგლა აგულაშვილმა.

დეპუტატი დარწმუნებულია, რომ აღნიშნული ზღვარის დაწესებით ადგილობრივ მწარმოებლებს პრობლემა არ შეექმნებათ, რადგან საქართველო 15 000 ტონა კოპტონს ისედაც ვერ აწარმოებს.

ნათია ინაური