გიორგი კვირიკაშვილმა "ანაკლიის განვითარების კონსორციუმის", კომპანია "ჩინდაო პორტ ინტერნეიშენალისა" და ბარკლაი ბანკის დელეგაცია მიიღო

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა "ანაკლიის განვითარების კონსორციუმის", კომპანია "ჩინდაო პორტ ინტერნეიშენალისა" და ბარკლაი ბანკის დელეგაცია მიიღო.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრას დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები ირმა ქავთარაძე და ქეთევან ბოჭორიშვილი, სს "საქართველოს რკინიგზის" გენერალური დირექტორი მამუკა ბახტაძე და სხვა ოფიციალური პირები, ასევე ჩინეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში იუე ბინი.

სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული კონსორციუმი, რომელიც აერთიანებს "თიბისი ჰოლდინგსა" და "კონტი ჯგუფს", მონაწილეობს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ, საქართველოს მთავრობის სახელით გამოცხადებულ მოწვევის პროცესში ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობისა და განვითარების პროექტზე ინტერესთა გამოხატვის შესახებ. სამინისტროში აცხადებენ, რომ აღნიშნული კონსორციუმი ერთ-ერთია იმ შვიდი კონსორციუმიდან, რომლებიც ე.წ. "მოკლე სიაში" შევიდნენ.

"ჩინური კომპანია "ჩინდაო პორტ ინტერნეშენალი", რომელიც ჩინეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ნავსადგურის, ჩინდაოს პორტის ოპერატორია, გამოთქვამს დაინტერესებას, მონაწილეობა მიიღოს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტში, ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან ერთად. ჩინდაოს პორტი ბოლო წლებში არაერთხელ დასახელდა ყველაზე პროდუქტიულ ნავსადგურად", - ნათქვამია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, კონსორციუმის წარმომადგენლებთან განმარტებითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა, რომლის დროსაც სამინისტროს ხელმძღვანელმა პირებმა უპასუხეს "ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" წარმომადგენელთა დასმულ ყველა შეკითხვას. სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ დღეს კონსორციუმის წარმომადგენლები ანაკლიაში ჩასვლას გეგმავენ, რათა პორტის მშენებლობისთვის განკუთვნილ ტერიტორიას ადგილზე გაეცნონ.