გადაშენების პირას მდგარი სასოფლო კულტურები

ისეთი უზარმაზარი დარგებიც კი როგორიც მეაბრეშუმეობა და მეჩაიეობაა, კატასტროფის წინაშეა

საქართველოში სოფლის მეურნეობის რამდენიმე მიმართულება გადაშენებულად მიიჩნევა, ზოგიც - გადაშენების ზღვარზეა. მათ შორის ბევრია ისეთი, რომელიც ჯერ კიდვ საბჭოთა ეპოქაში განვითარდა. როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, რამდენიმე დარგს ჯერ კიდევ აქვს გადარჩენის შანსი და არსებული პოტენციალი როგორმე უნდა იქნას გამოყენებული. 90-იან წლებამდე საქართველო რამდენიმე კუთხეში გერანის კულტურას 600 ჰა ტერიტორია ეკავა და მრეწველობაში ერთ მნიშვნელოვან დარგად მიიჩნეოდა.

დასავლეთ საქართველოში, კერძოდ, აბაშის რაიონში მოსახლეობას გერანის დიდი მოსავალი მოჰყავდა, მაგრამ დღეს მისი წარმოების შესახებ ახალმა თაობამ თითქმის არაფერი იცის. აბაშელები იხსენებენ, რომ გერანის პლანტაციებს რაიონში დიდი ფართობი ეკავა და ხალხი ამ საქმიანობაში მასიურად იყო ჩაბმული. ერთ დროს პოპულარული მცენარის შესახებ ცნობა ინტერნეტშიც ძალიან ცოტაა. გერანის პირველი სამრეწველო რგვა 1929 წლიდან სოხუმში დაიწყო; აქვე ეთერზეთოვანი კულტურების საცდელ სადგურებში გამოიყენეს უხვზეთოვანი ჰიბრიდები, რომლებიც 1969 წლიდან გავრცელდა აფხაზეთში, ლაგოდეხისა და ყვარლის რაიონებში. გერანის შებუსული ღეროსა და ფოთლებისაგან მიიღება ვარდის სურნელების მქონე, გამჭვირვალე, მომწვანო, ზოგჯერ კი მოყვითალო ეთეროვანი ზეთი, რომელიც შეიცავს ციტრონელოლის სპირტს (42-47%), გერანიოლს (20-25%), ლინალოოლსა და მენთოლს. გერანის ზეთს იყენებენ პარფიუმერიაში, საპნის წარმოებაში, კოსმეტიკასა და მრეწველობაში.

როგორც აღვნიშნეთ, გერანის წარმოება საქართველოში დაახლოებით სამი ათეული წლის წინათ შეწყდა და თანდათან დავიწყებასაც მიეცა.

გერანი - მრავალწლოვანი, ძლიერ დატოტვილი ბუჩქ-ბალახა ეთერზეთოვანი მცენარეა ნემსიწვერასებრთა ოჯახისა. აქვს 5-7 ნაკვთად დაყოფილი, გულისებრი და ღეროზე მორიგებით განლაგებული ფოთოლი. გერანის სამშობლოა სამხრეთ აფრიკა. გავრცელებულია საქართველოში, სომხეთსა და ტაჯიკეთში. მოჰყავთ როგორც ერთწლოვანი კულტურა. გერანი საქართველოში კულტივირებული იყო ლაგოდეხის, თელავის, ყვარლის, მარნეულის, აბაშის, გალის რაიონებში.

გასული საუკუნის 90-იან წლებში ჩაკვდა მეაბრეშუმეობის დარგიც და დღემდე ვერ ხერხდება მისი აღდგენა. საბჭოთა ეპოქაში აბრეშუმის წარმოების მაჩვენებელი 2500-3000 ტონას აღწევდა. ქართული აბრეშუმის საუკეთესო ხარისხის მიუხედავად, სახელმწიფო ამ დარგისადმი ინტერესს არ იჩენს. ბოლო დროს ამ საქმით საქართველოს კათალიკოს პატრიარქი დაინტერესდა, რომლის უშუალო მხარდაჭერითა და დახმარებით ქართული აბრეშუმი იწარმოება. სხვა კერძო ინიციატივა, იშვიათი გამონაკლისის გარდა, არ არსებობს.

აბრეშუმის წარმოების ტრადიცია უხსოვარი დროიდან მოდის. როგორც პროფესორი პაატა კოღუაშვილი ამბობს, როგორც კულტურა, ის საქართველოში ვახტანგ გორგასლის ეპოქაში გაჩნდა. ქართველმა მეფემ, როგორც ექსპერტი განმარტავს, სწორად დაინახა მისი მნიშვნელობა და დაიწყო თუთის გაშენება და აბრეშუმის წარმოება.

”სპარსეთი ძალიან ხშირად კეტავდა გზას და არ ატარებდა მგზავრებს, რომლებსაც აბრეშუმი მიჰქონდათ ბიზანტიაში. გორგასალი ადგენდა გეგმას, რომ ვყოფილიყავით ამ პროდუქტის ერთ-ერთი მომწოდებელი. ჩვენს წამოწყებას ხელს უწყობდა ისიც, რომ ქართული აბრეშუმი ძალიან მაღალი ხარისხის აღმოჩნდა. შუა საუკუნეებში, როდესაც ბიზანტიამ გააუმჯობესა აბრეშუმის საწარმოებლად მანქანა-დანადგარები, ტექნიკის თვალსაზრისით, უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი გადადგა. შემდგომ ეპოქაში ილია ჭავჭავაძე აბრეშუმს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა და თავის წერილებში ხშირად ახსენებდა კახურ ნაწარმს, საუბრობდა ასევე დასავლეთ საქართველოს აბრეშუმის მაღალ ხარისხზე და მოიხსენიებდა მათ, როგორც ”ნაზსა და ჰაეროვან აბრეშუმს”. აბრეშუმის წარმოება განვითარდა საბჭოთა ეპოქაშიც. საინტერესოა, რომ საქართველოში სიღნაღის რაიონში, სოფელ ნუკრიანში არის ადამიანი, რომელიც ამზადებს ხის დანადგარს, დაზგას, რომელსაც ძაფი ამოაქვს. ეს ცოდნა მოდის უძველესი დროიდან, როგორც თურმანიძის მალამო. სამწუხაროდ, მეაბრეშუმეობის დარგი საქართველოში მოკვდა და მოკლეს. აბრეშუმის წარმოებას აქვს თავისი ადგილი, რომელიც მას აუცილებლად უნდა დავუბრუნოთ”, - ამბობს პაატა კოღუაშვილი.

სოფლის მეურნეობის დარგის სპეციალისტებს აქვთ არც თუ უსაფუძვლო შიში, რომ საქართველოში ჩაის კულტურა რამდენიმე წელიწადში შეიძლება გაქრეს. ჩაის ასოციაციის ხელმძღვანელი თენგიზ სვანიძე აცხადებს, რომ კულტურა კატასტროფულ მდგომარეობაშია და სახელმწიფოს მხრიდან გადაუდებელი დახმარება სჭირდება. რეგიონებში ჩაის ფოთლის დეფიციტი გაჩნდა, რის გამოც მოსავალი ყოველწლიურად მინიმუმ 10-15 პროცენტით მცირდება.

”საწარმოები მონდომებულნი არიან გამართულად იმუშაონ, მაგრამ პლანტაციები არ გვყოფნის. ფოთლის დეფიციტი გაჩნდა. რამდენიმე წელია, გავიძახი ერთსა და იმავეს, რომ უნდა მოხდეს ჩაის პლანტაციების რეაბილიტაცია, მაგრამ ყურადღებას არავინ გვაქცევს. მოუვლელობამ და უპატრონობამ ჩაის კულტურა საქართველოში უმძიმეს მდგომარეობამდე მიიყვანა. 10-15 პროცენტიანი კლება გვაქვს, მაგრამ ასე თუ გაგრძელდება და მომავალშიც ამ მაჩვენებლით შემცირდება მოსავალი, ბოლოს სულ გაქრება. პლანტაციების რეაბილიტაციის გარდა, ამ პროცესს ვერაფერი შეაჩერებს”, - ამბობს სვანიძე.

გადაშენების პირასაა ფეტვი, რომელიც სიმინდმა ორ საუკუნეზე მეტია, რაც ჩაანაცვლა. ფერმერი გიორგი ყურაშვილი განმარტავს, რომ ფეტვი საქართველოში ძალიან იშვიათად და ისიც მცირე რაოდენობით ითესება.

”ფეტვი ბევრი მოჰყავთ როგორც აღმოსავლეთ, ასევე დასავლეთ საქართველოში. იგი გამოიყენებოდა საკვებად და ისეთივე დანიშნულება ჰქონდა, როგორც ღომს და სიმინდს. ამასთანავე ფეტვი საუკეთესო საკვებია ცხოველებისთვის როგორც მარცვალი, ასევე ნამჯა. ისე როგორც მთელ საქართველოში, ფეტვი უკვე აღარც სამცხე-ჯავახეთში მოჰყავთ. რამდენადაც ვიცი, ამ კულტურის გადასარჩენად რეალურად არაფერი კეთდება. უახლოეს რამდენიმე წელიწადში სახელმწიფო ქმედით ნაბიჯს არ გადადგამს, შესაძლოა, აქა-იქ შემორჩენილი ფეტვის კულტურა სამუდამოდ დავკარგოთ”, - ამბობს გიორგი ყურაშვილი.

დღეს ფეტვი წარმოებიდან ამოღებულია. ამ კულტურას გასაყიდადაც იშვიათად შევხვდებით, არც საკვებად იყენებენ. როგორც სპეციალისტები ამბობენ, იგი სასარგებლო და ძალიან ყუათიანი პროდუქტია. 200 წელზე მეტია, ფეტვი პოპულარული კულტურა აღარ არის, ხოლო მუხუდო, ცულისპირა და ძაძა საქართველოში საუკუნეზე მეტი ხნის წინ გადაშენდა.

მარი ჩიტაია

წყარო: გაზეთი ”რეზონანსი”