სოციალური პროგრესის ინდექსში საქართველო მე-60 პოზიციაზე მოხვდა

საქართველ საშუალო სოციალური პროგრესის ქვედა ზღვარის მქონე ქვეყნებს შორის მოხვდა.

2015 წლის სოციალური პროგრესის ინდექსში საქართველო 65,89 ქულით 133 ქვეყანას შორის მე-60 ადგილზე მოხვდა. ინდექსის თანახმად, რომლის ავტორიც კვლევითი პროექტის The Social Progress Imperative ანალიტიკური ჯგუფი გახლავთ, საქართველო საშუალო სოციალური პროგრესის ქვედა ზღვარის მქონე ქვეყნებს შორის მოხვდა. ამავე ჯგუფში მოხვდნენ რეგიონის სხვა ქვეყნები - თურქეთი, სომხეთი, უკრაინა, აზერბაიჯანი.

კვლევის თანახმად, კვებისა და სამედიცინო დახმარების კუთხით საქართველოს პოზიციები გაუმჯობესდა. ასევე დადებითად არის შეფასებული საქართველოს პოზიცია ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის კუთხით ყველა კომპონენტში (93 ქულა). 95 ქულით შეფასდა განათლებაზე ხელმისაწვდომობა, თუმცა გაცილებით ნაკლები - 48 ქულით არის შეფასებული პირადი თავისუფლება. დადებითად არის შეფასებული საქართველოს პოზიცია თავისუფლებისა და არჩევანის კომპონენტში, ხოლო ტოლერანტობის და ჩართულობის კომპონენტში საქართველო 29 ქულით არის შეფასებული, რელიგიის თავისუფლების კუთხით - 59 ქულით. დაბალი მაჩვენებლით არის შეფასებული ყველა პუნტი ტოლერანტობის კუთხით საქართველოში, მათ შორის რელიგიური, სექსუალური, ძალადობის, დისკრიმინაციისა და იმიგრანტების მიმართ.

სოციალური პროგრესის ინდექსი საერთაშორისო კვლევითი პროექტის The Social Progress Imperative-ის კომბინირებული მაჩვენებელია, რომელიც მსოფლიოს ქვეყნების მიღწევებს სოციალური პროგრესისა და საზოგადოებრივი კეთილდღეობის მიხედვით აფასებს.

სოციალური განვითარების სფეროში ამა თუ იმ ქვეყნის მიღწევის შეფასებისას ავტორები 50 მაჩვენებელს იყენებენ, რომელიც სამ ძირითად ჯგუფშია გაერთიანებული:

1. ადამიანის ძირითადი მოთხოვნილებები - კვება, სამედიცინო დახმარებისადმი წვდომა, საცხოვრებლით უზრუნველყოფა, წყლის, ელექტრობისა და სანიტარული მომსახურების ხელმისაწვდომობა, პირადი უსაფრთხოების დონე.

2. ადამიანის ძირითადი კეთილდღეობა - საბაზო ცოდნის ხელმისაწვდომობა და მოსახლეობის განათლებსი დონე, ინფორმაციისა და კომუნიკაციის საშუალებებისადმი წვდომა, ჯანდაცვის დონე, ეკოლოგიური მდგრადობა.

3. ადამიანის განვითარების შესაძლებლობა - პირადი და სამოქალაქო თავისუფლების დონე, ადამიანის უფლებებისა და შესაძლებლობების უზრუნველყოფა, მიიღოს გადაწყვეტილება და საკუთარი პოტენციალის რეალიზება შეძლოს.

სოციალური პროგრესის კუთხით 2015 წლის ლიდერი ნორვეგია გახდა 88,36 ქულით. პირველ  ათეულში ასევე მოხვდნენ შვედეთი, შვეიცარია, ისლანდია, ახალი ზელანდია, კანადა, ფინეთი, დანია, ნიდერლანდები და ავსტრალია. რეიტინგის ბოლო ხუთეულში კი ანგოლა, გვინეა, ავღანეთი, ჩადი და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა მოხვდნენ.