სასურსათო ომი რუსეთსა და ყაზახეთს შორის

რუსულ ნავთობპროდუქტებზე ემბარგოს დაწესების შემდეგ, ყაზახეთი სავაჭრო ქსელებიდან რუსულ კანფეტებს, ზეთსა და ხორცს ამოიღებს.

ყაზახური მხარე აკრძალვას რუსული პროდუქციის უხარისხობითა და დაბალი ფასით ხსნის, რაც საფრთხის ქვეშ აყენებს ადგილობრივი მეწარმეების ბიზნესს.

"ამ საკითხის პოლიტიკურ რანგში გადაყვანა აბსურდია. საქმე არა მთლიანობაში რუსეთს, არამედ კონკრეტულ მეწარმეებს ეხებათ, რომლებიც უხარისხო პროდუქციას უშვებენ. მნიშვნელობა არა აქვს, იქნება ეს რუსული, ყაზახური, ამერიკული თუ ინგლისური კომპანია, ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ჩვენს დახლებზე უხარისხო პროდუქტი იყოს", - განაცხადა ყაზახეთის ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ კაირბეკ უსკენბაევმა და დასძინა, რომ რუსეთ-ყაზახეთს შორის სასურსათო ომს ადგილი არ აქვს.

თავის მხრივ, რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა გადაჭარბებული უწოდა მედიასაშუალებებში გავრცელებულ მოსაზრებას რუსეთსა და ყაზახეთს შორის სასურსათო ომის თაობაზე.

რუსული გამოცემა "კომერსანტის" ინფორმაციით, რუსული რუბლის დევალვაციის ფონზე, ყახაზეთში შესაძლოა აკრძალვის ქვეშ მოხვდნენ რუსული წარმოების წვენები, კვერცხი, მაკარონი და ფქვილი.

ყაზახეთში უკვე აიკრძალა ისეთი ცნობილი რუსული ბრენდების პროდუქტის შეტანა, როგორებიც მაიონეზი "ოლივკოვი მახეევი", შოკოლადი "ალიონკა" და მცენარეული ზეთი "ოქროს მზესუმზირაა".