საქართველოში შობადობის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა ევროპაში

საქართველოში შობადობის ამჟამინდელი მაჩვენებელი - 2,0-ია, რაც ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალია.

საქართველოში ევროპის მასშტაბით შობადობის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა.

გაერო-ს მოსახლეობის ფონდის ქართული ოფისის ინფორმაციით, კვლევა 2014 წლის მეორე ნახევარში საერთაშორისო და ადგილობრივმა ექსპერტებმა, ცნობილი დემოგრაფის რალფ ჰაკარტის ხელმძღვანელობით ჩაატარეს.

"კვლევის ავტორთა შეფასებით, შობადობის ამჟამინდელი მაჩვენებელი - 2,0-ია, რაც ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალია. სწორი პოლიტიკით, სახელმწიფო მხარდაჭერითა და ინვესტირებით, ოჯახის დაგეგმვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება თვალსაჩინო შედეგს იძლევა აბორტის სიხშირის შემცირებისა და ქალთა ჯანმრთელობის გაუმჯობესების მხრივ და ამავე დროს, არ ახდენს გავლენას შობადობის მაჩვენებლებზე", - ნათქვამია გაერო-ს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საქსტატის კვლევის მიხედვით, 2014 წელს საქართველოში 60 ათასი ბავშვი დაიბადა. 2013 წელთან შედარებით, ეს მაჩვენებელი თითქმის 5%-ითაა გაზრდილი. ამასთან ერთად, გაერო-ს ერთ-ერთი ბოლო პროგნოზის მიხედვით, 2050 წლისთვის საქართველოს მოსახლეობის მკვეთრი შემცირებაა მოსალოდნელი.