ოპტიკური საკაბელო სისტემის შექმნის მიზნით, ინტერესთა გამოხატვა გამოცხადდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო აცხადებს ინტერესთა გამოხატვას კომპანიის შესარჩევად, რომელიც უზრუნველყოფს, მთელი საქართველოს მასშტაბით, ოპტიკური მაგისტრალური საკაბელო სისტემის შექმნას 2000-მდე დასახლებულ პუნქტში ხელმისაწვდომი და მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის მისაწოდებლად.

აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ნათია მიქელაძემ პრესკონფერენცია გამართა.

როგორც მინისტრის მოადგილემ განმარტა, კომპანია, რომელიც ოპტიკური მაგისტრალური სადენების სისტემის შექმნის სამუშაოებს შეასრულებს, ვალდებული იქნება სამი წლის განმავლობაში განახორციელოს მთელი საქართველოს ცენტრალური ქსელებით უზრუნველყოფა, რის შემდეგ უფრო მცირე ზომის პროვაიდერები მოახდენენ ინტერნეტის მიყვანას საბოლოო მომხმარებლამდე. ნათია მიქელაძის თქმით, აღნიშნული პროექტის დასრულების შემდეგ, ფაქტობრივად მთელი საქართველო იქნება უზრუნველყოფილი მაღალსიჩქარიანი ინტერნეტით, რასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის სოციალური და ეკონომიკური განვითარების კუთხით.

"საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო მზად არის პასუხი გასცეს ინტერესთა გამოხატვასთან დაკავშირებულ ყველა კითხვას, რომელიც მიღებული იქნება დღეიდან 2015 წლის 30 აპრილამდე. ინტერესთა გამოხატვის შესახებ განაცხადი წარდგენილი უნდა იყოს სამი ნაბეჭდი ხელმოწერილი ორიგინალისა და ერთი ელექტრონული ასლის (PDF) სახით. განაცხადი მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში და უნდა ჩაბარდეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს არაუგვიანეს 2015 წლის 5 მაისის 14:00 საათისა. ამის შემდგომ სპეციალურად ამ მიზნისთვის შექმნილი სამთავრობო კომისია გამოავლენს "მოკლე სიაში" შესულ კანდიდატებს, რომლებთანაც 2015 წლის 15 მაისამდე დასაზუსტებელი შეხვედრები გაიმართება, სადაც განიხილება თითოეული კანდიდატის მიერ გაკეთებული შეთავაზება. დასაზუსტებელი შეხვედრების შემდეგ "მოკლე სიაში" შესულ კანდიდატებს მიეცემათ ვადა 2015 წლის 30 მაისამდე წარმოადგინონ პროექტთან დაკავშირებით საბოლოო წინადადება, სადაც ისინი უფლებამოსილნი იქნებიან გააუმჯობესონ ინტერესთა გამოხატვით შემოთავაზებული პირობები და დააზუსტონ ტექნიკური დეტალები", - განაცხადა მიქელაძემ.

მისივე თქმით, დაზუსტებული ინფორმაციის წარმოდგენის შემდეგ სამთავრობო კომისია მოამზადებს რეკომენდაციას გამარჯვებულის გამოვლენის თაობაზე საქართველოს მთავრობისთვის წარსადგენად. საქართველოს მთავრობა გამარჯვებულის გამოვლენას გეგმავს არაუგვიანეს 14 ივნისისა.