"ევრონიუსი" : საქართველო ეკონომიკურ მორევშია გაჭედილი

”ეკონომიკური სტაგნაცია ცხოვრების ყველა ასპექტს შეეხო,  რის გამოც ირაკლი ღარიბაშვილის ხელისუფლების როლმა პროტესტი გამოიწვია”

"საქართველო ეკონომიკურ მორევშია გაჭედილი" - ამ სათაურით აქვეყნებს "ევრონიუსი" სიუჟეტს საქართველოში ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით. როგორც სიუჟეტშია აღნიშნული, საქართველოს ეროვნული ვალუტა - ლარი გასული წლის ნოემბრიდან ოცი პროცენტით გაუფასურდა. "რუსული რუბლის გაუფასურებამ ძირი გამოუთხარა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას, შექმნილ ქაოსს დაემატა უკრაინაში არსებული ვითარებაც", - ნათქვამია "ევრონიუსის" რეპორტაჟში.

ამასთან, "ევრონიუსი" ციტირებს საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის რომან გოცირიძის კომენტარს, რომელიც აღნიშნავს, რომ ქვეყნის ხელისუფლების ამჟამინდელი პოლიტიკა ეკონომიკურ ვითარებას ვერ შველის. სიუჟეტში ასევე ნათქვამია, რომ საქართველოში მცირე მოვაჭრეები შიშით უყურებენ მომავალს.  "ბევრი მცირე საწარმო დაიხურება. ვფიქრობ, საქართველოში მცირე ბიზნესი მოკვდება. თუ ეს ვითარება ექვს თვეს მაინც გასტანს, საქართველოში მცირე ბიზნესი ვერ გადარჩება", - ციტირებს "ევრონიუსი" ერთ-ერთი მაღაზიის მეპატრონის კომენტარს.

"ეკონომიკური სტაგნაცია ცხოვრების ყველა ასპექტს შეეხო,  რის გამოც ირაკლი ღარიბაშვილის ხელისუფლების როლმა პროტესტი გამოიწვია. გასულ თვეს ათობით ათასი ადამიანი გამოვიდა თბილისის ქუჩებში, რომლებმაც ხელისუფლებას გადადგომისკენ მოუწოდა", - ნათქვამია "ევრონიუსის" სიუჟეტში.

იხილეთ სიუჟეტი