ვლადიმერ პუტინი: ჩვენს წინააღმდეგ სანქციები მალე არ გაუქმდება

ჩვენს წინააღმდეგ სანქციები მალე არ გაუქმდება, ვინაიდან ჩვენს გეოპოლიტიკურ პარტნიორებს სურთ რუსეთის განვითარებას ხელი შეუშალონ, - ეს განცხადება რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა პირდაპირ ეთერში მოსახლეობის შეკითხვებზე პასუხის დროს გააკეთა.

თუმცა, მისი თქმით, რუსეთი არ არის ირანი, რომ დასავლეთის სანქციები ათწლეულების განმავლობაში შენარჩუნდეს. პუტინის განცხადებით, შექმნილი ეკონომიკური და გეოპოლიტიკური ვითარება რუსეთმა სათავისოდ უნდა გამოიყენოს. მისივე თქმით, სანქციები რუსეთს უბიძგებს, ინდუსტრიისა და სოფლის მეურნეობის სექტორის მოდერნიზება მოახდინოს.

ვლადიმერ პუტინმა უცხოურ პროდუქციაზე დაწესებული ემბარგოს შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დასავლური პროდუქცია ადგილობრივმა უნდა ჩაანაცვლოს. რუსეთის ფინანსთა ყოფილმა მინისტრმა, ალექსანდრ კუდრინმა პუტინს ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური ვითარების შესახებ ჰკითხა, რაზეც პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მსგავსი პრობლემები აქვს აშშ-სა და ევროკავშირსაც.