ევროპის ბაზარზე მწვანილის ექსპორტის ხელშეწყობის პროექტი განხორციელდება

იმერეთის რეგიონში მწვანილის ინდუსტრიული წარმოებისა და ევროპის ბაზარზე ექსპორტის ხელშეწყობის პროექტი განხორციელდება.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ბოლო პერიოდში მეზობელ ქვეყნებში განვითარებულმა კრიზისულმა მოვლენებმა საქართველოდან მწვანილის ექსპორტის მკვეთრი შემცირება გამოიწვია. შესაბამისად, განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირების თემამ.

"უნდა აღინიშნოს, რომ სასოფლო სამეურნეო პროდუქციის ექსპორტის პოტენციალის გაზრდა, მათ შორის მწვანილის საექსპორტო ბაზრის დივერსიფიცირება ევროპის ბაზრის მიმართულებით, შეზღუდულია ფერმერული მეურნეობებისა და მიწის ნაკვეთების ფრაგმენტაციის გამო, რაც არ იძლევა საკმარისი მოცულობისა და მაღალი ხარისხის პროდუქციის დამკვეთისათვის სტაბილურად მიწოდების საშუალებას. აქედან გამომდინარე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან არსებული ინდუსტრიული განვითარების ჯგუფის ინიციატივით საქართველოში მოწვეულ იქნა ჰოლანდიური კომპანია, რომელმაც შეისწავლა საქართველოში მწვანილის წარმოების დარგში არსებული მდგომარეობა. მომზადდა პირველადი სამოქმედო გეგმა მწვანილისთვის სასათბურე მეურნეობების განვითარებისა და ახალი ბაზრების მოძიების მიზნით", - ნათქვამია ინფორმაციაში.

15 აპრილს მეწარმეებსა და ინდუსტრიული განვითარების ჯგუფს შორის ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომლის მიხედვით მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობისთვის. მეწარმეები აიღებენ კოოპერატივების დაფუძნების ვალდებულებას სიმძლავრეების გასაზრდელად და ტრეინინგების ჩასატარებლად ახალ ტექნოლოგიებში, რაც წარმადობას 50%-ით გაზრდის. ამავე დროს კოოპერატივი უზრუნველყოფს GLOBAL GAP სერტიფიკატის მოპოვებას.

ინდუსტრიული განვითარების ჯგუფი დაეხმარება კოოპერატივებს ფინანსირებისა და სპეციალისტების მოზიდვაში, ასევე ჰოლანდიურ სავაჭრო სახლებთან კონტაქტის დამყარებაში, რათა მოხდეს ქართული მწვანილის დიდი რაოდენობის სტაბილური და შეუფერხებელი ექსპორტი მთელი წლის განმავლობაში ევროპის ბაზრის მიმართულებით. ინფორმაციისთვის: GLOBAL GAP სასოფლო-სამეურნეო წარმოების სანიმუშო პრაქტიკის სტანდარტია. ეს სტანდარტი აუცილებლად უნდა დაიცვან იმ ფერმერებმა, რომლებიც ბოსტნეულს აწარმოებენ. სტანდარტი მოიცავს სასოფლო-სამეურნეო წარმოების სრულ ციკლს (ადგილის შერჩევა და ნიადაგის დამუშავება, პროდუქტის დამზადება, დაფასოება და შეფუთვა). GLOBAL GAP-ის სტანდარტი ევროპელი მომხმარებლისთვის ნიშნავს იმას, რომ კვების პროდუქტების წარმოება შესაბამისი წესების მკაცრი დაცვით ხდება, საზიანო ეკოლოგიური გავლენა და ქიმიკატების გამოყენება კი მინიმუმამდეა დაყვანილი. GLOBAL GAP-ი 234 მოთხოვნას მოიცავს.