თბილისის მერიასა და ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

თბილისის მერიასა და ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმს ხელი თბილისის მერმა დავით ნარმანიამ და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ მოაწერეს.

დავით ნარმანიას განცხადებით, მემორანდუმის მიზანია ერთობლივი პროექტების განხორციელების გზით თბილისში ტურიზმის განვითარება და ქალაქის ტურისტული პოტენციალის წარმოჩენა როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე. "ჩვენი უმთავრესი მიზანია თბილისი გახდეს ჩვენი რეგიონის ტურისტული ცენტრი, რისთვისაც ტურიზმის ადმინისტრაციასთან ერთად აქტიურად ვმუშაობთ. დედაქალაქის ფარგლებში ვაწესრიგებთ ტურისტულ ინფრასტრუქტურას, გვაქვს ტურიზმის ხელშემწყობი პროექტები და პროგრამები. ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად ორგანიზება გავუწიეთ და დღესაც მიმდინარეობს ტურიზმის საერთაშორისო გამოფენა, რაც ძალიან საინტერესოა როგორც ტუროპერატორებისთვის, ისე ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის, რომლებიც ტურიზმთან დაკავშირებული რეწვით არიან დაკავებული. ჩვენ მათ მაქსიმალურად ვუწყობთ ხელს, რათა მეტი ტურისტი მოვიზიდოთ. მეტი ტურისტი ჩვენი ქალაქისთვის ნიშნავს თბილისის ცნობადობის ამაღლებას, მეტ შემოსავალს დედაქალაქისთვის და პირადაპირ დაკავშირებულია ჩვენს ეკონომიკურ განვითარებასთან. ამიტომ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ტურიზმი განვითარების ახალ საფეხურზე ავიდეს", - განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ.

მემორანდუმის მიხედვით, თბილისის მერია და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია დედაქალაქში ტურიზმის განვითარებისა და პოპულარიზაციისათვის ერთობლივ ღონისძიებებს დაგეგმავენ და განახორციელებენ.