ირაკლი ღარიბაშვილი: პროექტს "ძლიერი რეგიონი - ძლიერი საქართველოსთვის" რეგიონების გამოცოცხლება უნდა მოჰყვეს

პროექტს "ძლიერი რეგიონი - ძლიერი საქართველოსთვის" უნდა მოჰყვეს რეგიონების გამოცოცხლება, საწარმოების ამუშავება, ახალი სამუშაო ადგილების გაჩენა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ამბროლაურის რაიონში, კულტურის სახლში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, სადაც პროექტი "ძლიერი რეგიონი - ძლიერი საქართველოსთვის" ამჯერად რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის ადგილობრივ ბიზნესმენებს გააცნო.

რაც შეეხება უშუალოდ რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთს, მთავრობის მეთაურის შეფასებით, რეგიონი თავისი რესურსების თვალსაზრისით ძალიან საინტერესოა. "მინდა თქვენი ყურადღება შევაჩერო მთავრობის მიერ წამოწყებულ ახალ პროექტზე - "ძლიერი რეგიონები - ძლიერი საქართველოსთვის". მე მაქვს დიდი იმედი, რომ ეს იქნება საქართველოს ეკონომიკური წინსვლისკენ გადადგმული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი. ამ პროექტს უნდა მოჰყვეს რეგიონების გამოცოცხლება, საწარმოების ამუშავება, ახალი სამუშაო ადგილების გაჩენა. რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთს აქვს ძალიან კარგი შესაძლებლობები სოფლის მეურნეობის, საწარმოთა განვითარების, ასევე ტურიზმის მიმართულებით. დავიწყებ სოფლის მეურნეობით და მოგახსენებთ, რომ ეს ეხება გადამმუშავებელ წარმოებას - მეფრინველეობას, მესაქონლეობას, რძის, ხორცის წარმოებას, ხილ-ბოსტნეულს, კენკროვან კულტურებს, მეფუტკრეობას, სასათბურე და სანერგე მეურნეობების განვითარებას, მეთევზეობას, თევზის გადამმუშავებელ წარმოებას, სამაცივრე მეურნეობის განვითარებას, მევენახეობა-მეღვინეობას. რაც შეეხება საწარმოების განვითარების პერსპექტივას, - მე ვფიქრობ, რომ ამ რეგიონს აქვს რაჭული ლორის, იშვიათი ღვინოებისა და კენკროვანი კულტურების პროდუქციის წარმოების უნიკალური რესურსი, რაც მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ. ამ რესურსს თუ სწორად გამოვიყენებთ, რაჭველ კაცს, ოჯახებს აქ აღარ უნდა უჭირდეთ და პირიქით - კეთილდღეობის მომტანი იქნება ეს პროექტები მოსახლეობისთვის", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერმა ადგილობრივ ბიზნესმენებს აღნიშნული რეგიონით დაინტერესებისკენ მოუწოდა, თავის მხრივ კი, სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერას დაჰპირდა.