საბერძნეთი რუსეთისგან 5 მილიარდ ევროს მიიღებს "თურქული ნაკადის" მშენებლობისთვის

შეთანხმება საბერძნეთსა და რუსეთს შორის სავარაუდოდ, სამშაბათს გაფორმდება

საბერძნეთი რუსეთისგან 5 მილიარდ ევროს მიიღებს გაზსადენ "თურქული ნაკადის" მშენებლობისთვის.

Spiegel-Online-ი საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი ალექსის ციპრასი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი შეთანხმდნენ "თურქული ნაკადის" გაყვანაზე საბერძნეთის ტერიტორიის გავლით.

"შეთანხმება, რომლის თანახმად, საბერძნეთი რუსეთისგან 3-დან 5 მილიარდამდე ევროს მიიღებს, სავარაუდოდ სამშაბათს გაფორმდება", - ნათქვამია "შპიგელის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

თავის მხრივ, რუსული ფულის უახლოეს მომავალში მიღების შესახებ განაცხადა საბერძნეთის ენერგეტიკის მინისტრმა პანაიოტის ლაფაზანისმა.

"არსებობს იმის სერიოზული შესაძლებლობა, რომ გაზსადენის თაობაზე შეთანხმებასთან ერთად, თანხასაც მივიღებთ", - განაცხადა ცოტა ხნის წინ პანაიოტის ლაფაზანისმა.

"თურქული ნაკადი" გასულ წელს შეჩერებული "სამხრეთის ნაკადის" ალტერნატიულ პროექტად განიხილება. გაზსადენი "თურქული ნაკადი" ერთადერთი მარშრუტი იქნება, რომლითაც ევროპისთვის 63 მილიარდი კუბური მეტრი რუსული გაზის მიწოდება იქნება შესაძლებელი, რომელიც ახლა უკრაინის გავლით გადის ტრანზიტს.