დავით შავლიაშვილი არ გამორიცხავს, რომ ათონელის რეზიდენცია პრეზიდენტის ადმინისტრაციას გადაეცეს

ათონელის რეზიდენციის შენობა ექსპლუატაციაშია მიღებული, შემდეგი ეტაპი კი ეკონომიკის სამინისტროსთვის და შემდეგ, ალბათ, პრეზიდენტისთვის გადაცემა იქნება, - ამის შესახებ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით შავლიაშვილმა განაცხადა.

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაინტერესდა ათონელის რეზიდენციის მდგომარეობით და შავლიაშვილს ინფორმაციის წარდგენა სთხოვა. "როგორც ვიცი, სამუშაოები დასრულდა, ამიტომ ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ ამ შენობის საკითხზეც და გთხოვთ, რომ მოგვაწოდოთ ინფორმაცია", - მიმართა ღარიბაშვილმა შავლიაშვილს. პასუხად რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა აღნიშნა, რომ რეზიდენციის შენობის სარემონტო სამუშაოები დასრულებულია და შეტანილია ავეჯი.

"ექსპლუატაციაში მიღებული გვაქვს და მზად ვართ გადავცეთ ეკონომიკის სამინისტროს. სტატუსზე, ალბათ შეგვიძლია მთავრობის სხდომაზე ვიმსჯელოთ. მოგეხსენებათ, პრეზიდენტისთვის იყო გათვლილი, სამუშაოები მთლიანად პირველი პირის სტანდარტების მიხედვით არის შესრულებული, ჩვენ შენობის რემონტის პროცესში პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ძალიან მჭიდრო კავშირი გვქონდა და სტანდარტების შესაბამისად არის ყველაფერი გაკეთებული. შემდგომი ეტაპი იქნება ეკონომიკის სამინისტროსთვის გადაცემა და ალბათ, შემდეგ პრეზიდენტისთვის გადაცემა, თუ როგორც გადაწყვეტს მთავრობა", - განაცხადა შავლიაშვილმა.

საპასუხოდ პრემიერმა აღნიშნა, რომ ამის თაობაზე იმსჯელებენ. ამასთან, პრემიერ-მინისტრსა და პრეზიდენტს ათონელის ქუჩაზე მდებარე რეზიდენციაში გადასვლაზე უარი აქვთ ნათქვამი.