საჯარო რეესტრში კონსოლიდირებული რეაგირების პორტალზე მუშაობა დასრულდა

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტმა სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსთვის ახალი ელექტრონული პროგრამა - კონსოლიდირებული რეაგირების პორტალი შექმნა.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, პროგრამის დახმარებით, სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და ორგანიზაციებს შორის კომუნიკაცია მთლიანად ელექტრონული გახდება, გამარტივდება გარე უწყებებთან ურთიერთობა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ამ დრომდე სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ორგანიზაციებს, რომლებსაც ელექტრონული სისტემა საერთოდ არ ჰქონდათ ან მათი სისტემები სახელმწიფო სტრუქტურებში არსებულ სისტემებთან არ იყო ინტეგრირებული, ქონების გასხვისებასთან, პრივატიზაციასთან და მსგავს საკითხებთან დაკავშირებით წერილებს ფოსტით უგზავნიდა. ფოსტითვე ხდებოდა მათთან კონსულტაციაც. ამას გარდა, ორგანიზაციისთვის ვალდებულების შესრულების ვადის დაწესება და მისი კონტროლი შეუძლებელი იყო, რაც გასხვისებას თუ პრივატიზაციის პროცესს დროში მნიშვნელოვნად ახანგრძლივებდა. ახალი პროგრამის ამოქმედების შემდეგ აღნიშნული პროცესი ავტომატიზებული გახდება. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, პორტალის დახმარებით, ნებისმიერ ადრესატთან წერილის ელექტრონულად გადაგზავნა იქნება შესაძლებელი. ვადების დაწესება, უკვე დაწესებული ვადის გაზრდა და მისი შესრულების კონტროლი ავტომატურ რეჟიმში მოხდება.

"კონსოლიდირებული რეაგირების პორტალს ელექტრონული ფოსტის მსგავსი, მარტივი ინტერფეისი აქვს, რომელიც სასურველი წერილის მოძებნისა და მათი პრიორიტეტების მიხედვით დალაგების საშუალებასაც იძლევა. პორტალი ელექტრონულ ფოსტასთან და SMS მომსახურებასთანაა ინტეგრირებული. წერილის მიღების, ვადის ამოწურვის თუ სხვა სიახლის შესახებ ინფორმაციას მომხმარებელი მითითებული საკომუნიკაციო არხის საშუალებით იღებს", - აცხადებენ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოში.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, კონსოლიდირებული რეაგირების პორტალის კონცეფცია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციული ტექნოლოგიების გუნდის მიერ შემუშავდა და დაინერგა. მათივე ცნობით, სააგენტოს ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის თანამშრომლებს წლების განმავლობაში სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურაში არაერთი წარმატებული პროექტი აქვთ განხორციელებული, რამაც ამ სტრუქტურების ბიზნესპროცესების ავტომატიზაცია, ელექტრონული მმართველობის პრინციპებზე გადასვლა, ეფექტური და წარმატებული მუშაობა განაპირობა.