Fitch Ratings-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურიდან სტაბილურობამდე შეცვალა

Fitch Ratings-მა საქართველოს გრძელვადიანი საკრედიტო რეიტინგი უცხოურ და ეროვნულ ვალუტებში BB-ის დონეზე დაადასტურა.

საერთაშორისო საკრედიტო სააგენტომ Fitch Ratings-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურიდან სტაბილურობამდე შეცვალა და საქართველოს გრძელვადიანი საკრედიტო რეიტინგი უცხოურ და ეროვნულ ვალუტებში BB-ის დონეზე დაადასტურა. ინფორმაციას ამის შესახებ ”როიტერი” ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, Fitch-მა დაადასტურა ქვეყნის „ჭერი“ - BB-ის დონეზე, ხოლო მოკლევადიანი რეიტინგი უცხოურ ვალუტაში - B-ის დონეზე.

”პროგნოზის ”სტაბილურობამდე” დაწევა განპირობებულია იმით, რომ საქართველომ რამდენიმე საგარეო შოკი გადაიტანა, რომელიც რუსეთის ეკონომიკის ვარდნას უკავშირდება, რაც თავის მხრივ ნავთობზე ფასის ვარდნითა და სანქციებით არის გამოწვეული. ყოველივე ამან დსთ-ს ქვეყნებში და სავაჭრო პარტნიორებში ეროვნული ვალუტების დევალვაცია გამოიწვია”, - ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

Fitch-ის შეფასებით, შექმნილი ვითარება ნეგატიურად აისახა საქართველოს საგარეო ვაჭრობასა და ფულად გადარიცხვებზე - მკვეთრად დაეცა ექსპორტი, ფულადი გადარიცხვები კი თითქმის 25%-ით შემცირდა.

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო ასევე აღნიშნავს, რომ 2014 წლის ნოემბრიდან მოყოლებული, ქართული ლარის კურსი დოლართან მიმართებაში დაახლოებით 30%-ით დაეცა.

სააგენტოს ანალიტიკოსები ასევე მიიჩნევენ, რომ საქართველოსთვის მთავარ სისუსტედ რჩება საგარეო სექტორი. Fitch-ი პროგნოზირებს, რომ 2015 წელს საქართველოში ექსპორტი 20%-ით შემცირდება. მიუხედავად იმპორტის მოცულობის შემცირებისა, სააგენტო აღნიშნავს, რომ 14%-მდე გაიზრდება მიმდინარე ანგარიშების დეფიციტი მშპ-სთან მიმართებაში. 2014 წელს ეს მაჩვენებელი 9% იყო.

Fitch-ი საგარეო ვალის მშპ-ს 80 პროცენტამდე გაზრდასაც პროგნოზირებს, 2014 წლის 58 პროცენტის ნაცვლად.

”საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2015 წელს 2%-მდე შემცირდება 2014 წლის 4,8%-დან და ეს ძირითადად რეგიონალური ეკონომიკური ვარდნის მეორადი ეფექტით იქნება გამოწვეული”, - ნათქვამია Fitch-ის განცხადებაში.

ამასთან ერთად, სააგენტო აღნიშნავს, რომ რჩება რუსეთისა და სხვა სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ეკონომიკურ განვითარებასთან დაკავშირებული რისკები.

Fitch-ის ექსპერტები ასევე ვარაუდობენ, რომ 2015 წელს ქვეყნის სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტი 3,5% იქნება საქართველოს ეკონომიკური ზრდის ტემპების შენარჩუნებისა და ხელისუფლების გადაწყვეტილების გათვალისწინებით, შენარჩუნდეს ინვესტიციები და ხარჯები სოციალური საჭიროების მიხედვით.

”საქართველო აგრძელებს საერთაშორისო სავალუტო ფონდთან თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში ეკონომიკური და სტრუქტურული რეფორმების გატარების მკაფიო მზადყოფნას, ასევე ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალ სავაჭრო სივრცეს”, - ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

ამასთან ერთად, Fitch-ი აღნიშნავს, რომ ევროკავშირის ბაზრებზე ხელმისაწვდომობამ ხელი უნდა შეუწყოს საქართველოს მიმზიდველობის გაზრდას ინვესტორებისთვის. სააგენტო ასევე აღნიშნავს, რომ ძირითადი ფაქტორები, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს საქართველოს რეიტინგების შემცირება, სავალუტო რეზერვებსა და სავალუო კურსზე ზეწოლა, ასევე საგარეო და რეგიონალური პოლიტიკური კლიმატის გაუარესებაა.

”ძირითადი ფაქტორები კი, რომელსაც შეუძლიათ ქვეყნის რეიტინგის ზრდა გამოიწვიოს - მშპ-ს ზრდის აღდგენა, საგარეო ვალის სტაბილიზაცია და დოლარიზაციის კოეფიციენტის შემცირებაა”, - ნათქვამია საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოს განცხადებაში.