ჩინეთის 21-მილიონიანი პროვინცია ქართული ღვინის ექსპორტის 3-ჯერ გაზრდას გეგმავს

ჩინეთის სინძიანის პროვინციის ერთ-ერთი მსხვილი იმპორტიორი კომპანია (Xinjiang Beifangjianda Trade Co. Ltd) წელს საქართველოდან ნახევარი მილიონი ბოთლი ქართული ღვინის იმპორტს გეგმავს, რაც ამ პროვინციაში გასული წლის გაყიდვებს 3-ჯერ აღემატება.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ამის შესახებ ცნობილი გახდა სინძიანის პროვინციაში ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლის, მაია ცქიტიშვილის საქმიანი ვიზიტის შემდეგ, სადაც ამ კომპანიის ხელმძღვანელებთან გაიმართა შეხვედრა. მასპინძელი კომპანიის ორგანიზებით, ურუმჩის ქართული ღვინის კლუბში მაია ცქიტიშვილი შეხვდა ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებს და ქართული ღვინის ისტორიულ-კულტურულ უნიკალურობასა და ჩინეთის ბაზრის მნიშვნელობაზე ესაუბრა, ხაზი გაუსვა მასპინძელი კომპანიის ღვაწლს ქართული ღვინისა და კულტურის პოპულარიზაციის საქმეში, ასევე, იმპორტის გაზრდის მიზნით წარმატებული პროექტების განხორციელებაში. ვიზიტის ფარგლებში სააგენტოს წარმომადგენელი გაეცნო მასპინძელი კომპანიის მიერ განხორციელებულ წარმატებულ ბიზნეს-პროექტებს: ქართული ღვინის კლუბი, ღვინის სალონი, ქართული ღვინის მაღაზიები და ოფისები…

”ეს არის საუკეთესო ბიზნეს-მოდელი, თუ როგორ უნდა მოხდეს ჩინეთის ცალკეულ პროვინციებში მოსახლეობისათვის ქართული ღვინის შეთავაზება. სინძიანის პროვინციაში, კერძოდ ქალაქ ურუმჩისა და ხორგოსში ქართული ღვინო ძალიან პოპულარულია და მასზე მოთხოვნა მზარდია, რაშიც აღნიშნული კომპანიის საკმაოდ დიდი დამსახურებაა. ეს პარტნიორობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენს ქვეყნებს შორის ხელმოწერილი აბრეშუმის გზის პროექტის ფარგლებში", - განაცხადა შეხვედრაზე მაია ცქიტიშვილმა.

კომპანია ქალაქ ხორგოსში (თავისუფალი ეკონომიკური ზონა ყაზახეთის საზღვართან) ჩინეთისა და ყაზახეთის საერთაშორისო სავაჭრო ცენტრში 400 კვ.მ-ზე ქართული ღვინის სავაჭრო ცენტრის განთავსებას გეგმავს, სადაც პროდუქციის გაყიდვასთან ერთად მოეწყობა ქართული ღვინის დეგუსტაცია-ექსპოზიციები. ასევე, ქალაქ ხორგოსის ცენტრალურ ქუჩაზე ქართული ღვინის მაღაზიაც გაიხსნება. კომპანია ასევე აწყობს ღვინის ტურებს საქართველოში, რომლის ფარგლებშიც ხუთასამდე ჩინელმა მოინახულა საქართველო.

ინფორმაციისთვის: აღნიშნულ სავაჭრო ცენტრში შუა აზიის 16 ქვეყნის წარმომადგენლობაა განთავსებული და 2400 მაღაზია ფუნქციონირებს. მომდევნო წელს სავაჭრო ცენტრში 10 000 მაღაზია, 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო და რესტორნები ამუშავდება. ასეთ აქტიურ ზონაში ქართული ღვინის სავაჭრო ცენტრის არსებობას დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩინეთში, სინძიანის პროვინციის 21 მლნ-იან მოსახლეობაში ქართული ღვინის გაყიდვისა და მისი პოპულარიზაციისათვის.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, ჩინეთში საქართველოდან ექსპორტირებულია 364 778 ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც 64%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

ხათუნა ჩიგოგიძე