საქართველო და ბელორუსი ერთობლივ საწარმოებს შექმნიან

ბელორუსის პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ბელორუსის მრეწველობის სამინისტროს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი ხვალ გაფორმდება.

მემორანდუმის საფუძველზე, საქართველო და ბელორუსი ერთობლივ საწარმოებს შექმნიან. მემორანდუმის გაფორმების საკითხი იყო დღეს საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის ოთარ დანელიას ბელორუსის სურსათის და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლეონიდ ზაიაცთან, მრეწველობის მინისტრ ვიტალი ვოვკთან შეხვედრის ერთ-ერთი თემა. მინისტრების შეხვედრა გაფართოებულ ფორმატში გაიმართა.

როგორც შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე მინისტრებმა განაცხადეს, საუბარი შეეხო საქართველოსა და ბელორუსს შორის სოფლის მეურნეობის მიმართულებით თანამშრომლობასა და სამომავალო პერპექტივებს, მათ შორის ერთობლივი სასოფლო-სამეურნო საწარმოების შექმნას, ასევე საქართველოში ბელორუსული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის სერვის-ცენტრის მოწყობის საკითხს.

"ძალიან მნიშვნელოვანი, ისტორიული ვიზიტია საქართველოში. ბელორუსის პრეზიდენტი ჩამოდის სახელმწიფო ვიზიტით. ძალიან მნიშვნელოვანია, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში ყველა შესაძლებლობა გამოვიყენოთ. მინდა ხაზი გავუსვათ ასევე უწყებათაშორისი კომისიის მუშაობას, რომელიც ერთ-ერთი კონტრიბუტორი იყო ამ ვიზიტის მომზადებაში", - აღნიშნა პრესკონფერენციაზე საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ.

მისივე თქმით, გაიმართება საქართველო-ბელორუსის ბიზნეს ფორუმი, განხილული იქნება ერთობლივი ღვინის საწარმოს შექმნის ინიციატივა. საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ხაზი გაუსვა ბელორუსში სოფლის მეურნეობის განვითარების დონეს და აღნიშნა, რომ ეს გააზრებული და პატრიოტული პოლიტიკის შედეგია. კითხვაზე, ბელორუსის მხრიდან საქართველოსთან ერთობლივი საწარმოების შექმნით დაინტერესება არის თუ არა განპირობებული ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობით, რომლის ფარგლებშიც საქართველოში წარმოებული პროდუქცია ევროკავშირის ბაზარზე საბაჟო გადასახადის გარეშე გადის, ოთარ დანელია პასუხობს, რომ "ერთი მეორეს არ გამორიცხავს და აქ ორმხრივი დაინტერესებაა, ერთობლივი საწარმოები გაიხსნება როგორც საქართველოში, ისე ბელორუსში".

ბელორუსის სურსათის და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლეონიდ ზაიაცმა ასევე აღნიშნა, რომ ბელორუსის პრეზიდენტის ვიზიტს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს. "საქართველოსა და ბელორუსის ურთიერთობებში ახალი ფურცელი იხსნება. ქართველები უნიკალური ერი ხართ, შრომისმოყვარე, სტუმართმოყვარე და მოხარული ვარ, რომ საქმე გვექნება ისეთ ხალხთან, რომელიც საქართველოში ცხოვრობს", - განაცხადა ლეონიდ ზაიაცმა.

მისი თქმით, ქართველ და ბელორუს ხალხს ბევრი რამ აერთიანებს და ამ კონტექსტში გაიხსენა ფაშიზმზე გამარჯვება და საქართველოს დამდეგი 9 მაისი მიულოცა. დღესვე ბელორუსის სურსათისა და სოფლის მეურნების და მრეწველობის მინისტრები საქართველო-ბელორუსის ბიზნესფორუმს დაესწრებიან. ისინი სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევით ცენტრ "ჯიღაურას" სადემონსტრაციო ნაკვეთს და სხვადასხვა საწარმოს დაათვალიერებენ.

რაც შეეხება ლუკაშენკოს ვიზიტს, ბელორუსის პრეზიდენტი საქართველოში დღეს ჩამოვა.