მინისტრის მოადგილე ბავარიის სურსათის, სოფლისა და სატყეო მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენელს შეხვდა

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე დავით გალეგაშვილი ბავარიის სურსათის, სოფლისა და სატყეო მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენელს მარტინ შუსლერს შეხვდა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ბავარიის სურსათის, სოფლისა და სატყეო მეურნეობის სამინისტროს შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.  მათივე ინფორმაციით, განსაკუთრებული ყურადღება ბავარიის სურსათის, სოფლისა და სატყეო მეურნეობის სამინისტროსთან არსებულ კვლევით ინსტიტუტსა და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრს შორის თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებზე გამახვილდა.

დავით გალეგაშვილმა დეტალურად ისაუბრა სოფლის მეურნეობის სამინისტროში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე. მინისტრის მოადგილემ სტუმრებს სოფლის მეურნეობის განახლებული სტრატეგიის ძირითადი მიმართულებები გააცნო. სამინისტროს ინფორმაციით, დარგობრივი პროგრამების განხილვისას, მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება საქართველოში აკვაკულტურის განვითარების მიმართულებით არსებულ პოტენციალზე გაამახვილეს.

როგორც შეხვედრაზე ბავარიის სურსათის, სოფლისა და სატყეო მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენელმა, მარტინ შულცმა აღნიშნა, გერმანიის მხარე საქართველოს მთავრობის მიერ აგრარული დარგის განვითარების ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად გამოყოფას მიესალმება და მზად არის ქართულ მხარეს აგროსამრეწველო დარგში არსებული გამოცდილება გაუზიაროს.