ჯონ კერი: რუსეთის სანქციები ძალაში დარჩება, ვიდრე მინსკის შეთანხმებას სრულად არ შეასრულებს

რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები ძალაში დარჩება, ვიდრე მოსკოვი მინსკის შეთანხმებას სრულად არ შეასრულებს.

ამის შესახებ "ბიბისის" ცნობით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ჯონ კერიმ განაცხადა. მისივე თქმით, რუსეთი კვლავ არ ასრულებს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობებს. ჯონ კერიმ ასევე აღნიშნა, რომ ის აღმოსავლეთ უკრაინაში შექმნილი ვითარების შესახებ ცოტა ხნის წინ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს ტელეფონით კიდევ ერთხელ ესაუბრა.

აშშ და ევროკავშირის ქვეყნები მოსკოვს პრორუსი მებრძოლების მხარდაჭერაში ადანაშაულებს, რასაც მოსკოვი ამ დრომდე კატეგორიულად უარყოფს.