პრემიერმა ბალნეოლოგიური აბაზანები დაათვალიერა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა წყალტუბოს ცენტრალური პარკის ტერიტორიაზე ახლად გაკეთებული ბალნეოლოგიური აბაზანები დაათვალიერა.

პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, ბალნეოლოგიური სისტემა წყალტუბოს რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, ბოლო 30 წლის განმავლობაში პირველად, სრულად განახლდა. "ცენტრში დამსვენებელს ყველა სახის სამკურნალო პროცედურის გავლა შეუძლია. 2014 წელს განახლდა აბაზანის ყველა მიწისქვეშა კომუნიკაცია, სრულად რეაბილიტირდა ბალნეოლოგიური სისტემა და პარალელურად, შენდება ახალი აბაზანა, რომელიც მიმდინარე წლის ივნისში დასრულდება. ჩატარებული სამუშაოებით მოხარულია სს "ბალნეოსერვისის" მენეჯმენტი. როგორც კომპანიის წარმომადგენლებმა პრემიერ-მინისტრთან საუბრისას აღნიშნეს, რეაბილიტაციის პროექტი ხელსაყრელ გარემოს შექმნის ბალნეოლოგიური კურორტის მუშაობისთვის და წინგადადგმული ნაბიჯი იქნება ქალაქის განვითარებისთვის, რაც წყალტუბოს წამყვანი საკურორტო ქალაქის სტატუსს დაუბრუნებს", - აცხადებენ პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურში.