საპარტნიორო ფონდი წყალტუბოს სპა-კურორტად აღდგენის გეგმაზე მუშაობს

საპარტნიორო ფონდი წყალტუბოს სპა-კურორტად აღდგენისა და განვითარების ახალი ეტაპის დეტალურ გეგმაზე მუშაობს, -ამის შესახებ სამთავრობო პროგრამის - "ძლიერი რეგიონი - ძლიერი საქართველოსთვის" ფარგლებში იმერეთის რეგიონში მყოფმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქუთაისში, ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, იმერეთის რეგიონს განვითარების ძალიან დიდი პოტენციალი აქვს. "მთავრობის ეკონომიკურმა საბჭომ შეისწავლა ამ რეგიონის შესაძლებლობები - ბუნებრივი რესურსები, ეკონომიკური პოტენციალი და ადამიანური რესურსები. ჩვენ უკვე გვაქვს რეალური სურათი იმისა, თუ რა არის საჭირო რეგიონის ფეხზე დასაყენებლად და გვაქვს შესაბამისი სამოქმედო გეგმა. იმერეთი არის ჩვენი ქვეყნის ყველაზე დიდი და მრავალრიცხოვანი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული. ის არის აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს დამაკავშირებელი და ძალიან მნიშვნელოვანია მისი ეკონომიკური განვითარება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ აქ აუცილებელია სპეციალური ტექნიკური განათლების განვითარება, შესაძლებელია ტურისტული განათლების ცენტრის დაარსება. ასევე მნიშვნელოვანია რეგიონის სატრანსპორტო-ლოგისტიკური განვითარება - მოგეხსენებათ, რომ ქუთაისის აეროპორტი და ცენტრალური მაგისტრალი არის ძალიან კარგი საფუძველი ამისათვის", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

რაც შეეხება რეგიონის განვითარების კონკრეტულ მიმართულებებს, როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ესენია სოფლის მეურნეობის, წარმოებისა და ტურიზმის განვითარების პერსპექტივა. "იმერეთში ჩვენ შეიძლება განვავითაროთ მევენახეობა-მეღვინეობა, მემწვანილეობა, მებოსტნეობა, მეცხოველეობა, მეფუტკრეობა, სასათბურე მეურნეობა, სამაცივრე მეურნეობა, რძის, ხილის გადამამუშავებელი მრეწველობა, მეფრინველეობა, თხილის წარმოება, მარცვლეულის წარმოება, ჩირის, დაფნის, აბრეშუმის, ბაღჩეული კულტურის წარმოება. გარდა ამისა, ცალკე მინდა აღვნიშნო, რომ ხონში არის მეაბრეშუმების განვითარების რესურსი, სამტრედიაში არის რესურსი სიმინდის წარმოებისათვის, ზესტაფონში კი არის ტბორის თევზის წარმოების, ბოსტნეულისა და სოკოს სასათბურე მეურნეობების განვითარების პერსპექტივა. რაც შეეხება წარმოების განვითარებას, ჭიათურას აქვს მარგანეცისა და კვარცის ქვიშის მოპოვების, მარმარილოს წარმოების, ბროლისა და მინის წარმოების, ხილის გადამუშავების განვითარების რესურსი; ბაღდათში არის ქართული ყურძნის ჯიშების წარმოების განვითარების პერსპექტივა; ვანს აქვს ხე-ტყის გადამუშავების, სამშენებლო წარმოების, ავეჯის წარმოების, სამკერვალო წარმოების, კვების მრეწველობის განვითარების პოტენციალი; ზესტაფონში არის ღვინის წარმოების, ცეცხლგამძლე აგურის წარმოების, საკონსერვო წარმოების რესურსი; თერჯოლას აქვს რესურსი ბეტონის კონსტრუქციების წარმოებისათვის; საჩხერეს - სამთომოპოვებითი მრეწველობის, კერამიკული თიხის წარმოების განვითარების რესურსი; ხარაგაულს - ხე-ტყის გადამუშავების, ავეჯის წარმოების, მარმარილოს გადამუშავების რესურსი; ხონს აქვს რესურსი აგურისა და კრამიტის წარმოებისათვის", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

რაც შეეხება ტურიზმის განვითარების პერსპექტივას, პრემიერ-მინისტრის თქმით, იმერეთში გამორჩეულად პერსპექტიულია წყალტუბოს პოტენციალი და ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ეს რესურსი მაქსიმალურად იყოს ათვისებული და გამოყენებული. "საპარტნიორო ფონდი მუშაობს წყალტუბოს სპა-კურორტად აღდგენისა და განვითარების ახალი ეტაპის დეტალურ გეგმაზე. მე დღეს თქვენთან შეხვედრაზე სწორედ წყალტუბოდან მოვდივარ და მინდა გითხრათ, რომ წყალტუბო გახდება გამორჩეული კურორტი არა მარტო ჩვენს ქვეყანაში, არამედ, მთელ რეგიონში. გარდა ამისა, ტურიზმის განვითარებისთვის ძალიან საინტერესო რესურსი არსებობს ბაღდათში, ზესტაფონში, თერჯოლაში, ვანში, ხარაგაულში, ხონში. აღარაფერს ვამბობ გელათის, ბაგრატის ტაძრის, მოწამეთას და კაცხის სვეტის მნიშვნელობაზე", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, იმერეთი მდიდარია ბუნებრივი რესურსებით - ინერტული და წიაღისეული მასალებით, მინერალური და მტკნარი წყლით.