მთავრობამ ქუთაისის ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის შესახებ დადგენილება მიიღო

საქართველოს მთავრობამ ცოტა ხნის წინ ქუთაისის ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის შესახებ დადგენილება მიიღო, - ამის შესახებ სამთავრობო პროგრამის - "ძლიერი რეგიონი - ძლიერი საქართველოსთვის" ფარგლებში იმერეთის რეგიონში მყოფმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქუთაისში, ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, არსებობს რეალური საფუძველი იმისათვის, რომ იმერეთში საინტერესო ბიზნესპროექტები განხორციელდეს. მისივე თქმით, დღეისათვის ამ რეგიონში მიმდინარე საინვესტიციო პროექტების ჯამური ღირებულება 29 მილიონამდე ლარია.  "ეს ინვესტიციები ჩაიდო ქუთაისსა და ზესტაფონში - "სმარტისა" და ცნობილი ბრენდის სწრაფი კვების ობიექტის ამუშავებაში, გასამართ სადგურებში, სამშენებლო მასალების წარმოებაში, სასათბურე მეურნეობაში, მეორადი პლასტმასების გადასამუშავებელი ქარხნის მშენებლობაში და ა.შ. ეს ინვესტიციები მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენ ვქმნით აბსოლუტურად საიმედო გარემოს ბიზნესისათვის", - განაცხადა ღარიბაშვილმა და ბიზნესმენებს მოუწოდა, რომ იმერეთით დაინტერესდნენ და მათთვის საინტერესო ბიზნესპროექტები განახორციელონ.

პრემიერ-მინისტრმა იმერეთში განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2013 წელს იმერეთის რეგიონში 60 მილიონ დოლარამდე პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა, 2014 წელს კი - 23 მილიონ დოლარამდე. "ეს ინვესტიციები ჩაიდო გადამმუშავებელ მრეწველობაში, მშენებლობაში, უძრავ ქონებაში, სამთომოპოვებით მრეწველობაში, ჯანდაცვისა და სოციალური დახმარების მიმართულებით, სასტუმროებსა და რესტორნებში, სოფლის მეურნეობაში, თევზჭერაში. მინდა გითხრათ, რომ საქართველოს მთავრობამ ცოტა ხნის წინ მიიღო დადგენილება ქუთაისის ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის შესახებ. საუბარია 2020 წლამდე 30 მილიონი დოლარის ინვესტიციის განხორციელებაზე. ეს გახლავთ 30-წლიანი პროექტი", - აღნიშნა ღარიბაშვილმა.