ასაფეთქებელი მოწყობილობის შესახებ ინფორმაციის გამო, რიგის აეროპორტმა თბილისიდან და რამდენიმე ქალაქიდან რეისები ვერ მიიღო

რიგის საერთაშორისო აეროპორტმა დღეს დილით მუშაობა შეაჩერა, "ლიგა.ნეტის" ცნობით, ამის მიზეზი ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის საფრთხე გახდა.

როგორც აეროპორტის პრესსპიკერი იტყობინება, ბომბის არსებობის შესახებ შეტყობინება ადგილობრივი დროით დაახლოებით 7:00 საათზე მიიღეს, რის შემდეგაც მგზავრების და თანამშრომლების ევაკუაცია განხორციელდა. ამ დროისთვის რეისები აღდგენილია, სამართალდამცავმა სტრუქტურებმა ტერიტორია შეამოწმეს და ასაფეთქებელი მოწყობილობა ვერ იპოვეს.

ინციდენტის შედეგად თბილისიდან, ნიუ-იორკიდან, ტალინიდან, მალტადან, ჰელსინკიდან და კიდევ რამდენიმე ქალაქიდან თვითმფრინავები სხვა აეროპორტში გადაამისამართეს. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება. რიგის აეროპორტი ლატვიის დედაქალაქიდან 13 კილომეტრში მდებარეობს და ბალტიისპირეთში ყველაზე დიდი აეროპორტია.