დავით ნარმანიამ რამდენიმე ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ რამდენიმე ქუჩაზე ღამის განმავლობაში გზის მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობდა მთელი ღამის განმავლობაში ცოტნე დადიანის გამზირზე, აეროპორტის გზატკეცილზე, ბელიაშვილის, ჯავახიშვილის, წინამძღვრიშვილისა და ჩიქობავას ქუჩებზე, სადაც მიმდინარე სამუშაოები თბილისის მერმა დავით ნარმანიამ მონიტორინგის ჯგუფთან ერთად დაათვალიერა.

თბილისის მერიიის ცნობით, აღნიშნულ ქუჩებზე ორმოული და ფრაგმენტული შეკეთება მიმდინარეობს, ხოლო დადიანის გამზირზე გზა კაპიტალურად იგება. ამ დროისთვის უკვე შეცვლილია მიწისქვეშა კომუნიკაციები, დაწყებულია პირველ სექტორზე გზის საფარის დაგება. მერიის ცნობით, დადიანის ქუჩის რეაბილიტაცია მაისის ბოლოს დასრულდება.

თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, დედაქალაქში დღის განმავლობაში არსებული ინტენსიური საავტომობილო მოძრაობის გამო, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება უმეტესად ღამით მიმდინარეობს, რათა არ მოხდეს მოძრაობის შეფერხება. თბილისის მერიის ინფორმაციით, ამ დროისთვის სარეაბილიტაციო სამუშაოები დედაქალაქის ათზე მეტ ქუჩაზე ერთდროულად მიმდინარეობს. სულ მალე დაიწყება რამდენიმე ქუჩის კაპიტალური შეკეთება.