ახალი ვენახების გაშენება რაჭა-ლეჩხუმშიც დაიწყო

სახელმწიფოს მხრიდან სოფლის მეურნეობის სფეროში განხორციელებული ახალი პროექტების და ყურძენზე გაზრდილი ფასის შემდეგ, ახალი ვენახების გაშენება რაჭა-ლეჩხუმშიც დაიწყო.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ცაგერის რაიონის სოფელ ოყურეშში 10 ჰექტარზე უსახელაურის ჯიშის 20 ათასი ვაზის ნერგი ჩაიყარა, ამჟამად კი მიმდინარეობს 5 ათასი ვაზის ძირის გაშენება. მათივე ცნობით, ახლად გაშენებული ვენახი დღეს რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა, პაპუნა მარგველიძემ ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგებელთან ერთად დაათვალიერა.

როგორც კერძო ინვესტორებმა განაცხადეს, ამ ეტაპისთვის განხორციელებულია ნახევარი მილიონი ლარის ინვესტიცია, დასაქმებულია 60-მდე ადამიანი. პროექტი 4 წელზეა გათვლილი და ითვალისწინებს ღვინის ქარხნის მშენებლობასაც, რის შემდეგაც ყურძნის გადამუშავება და ღვინის წარმოება ადგილზე მოხდება.

ახალი სავენახე ფართობების ათვისება ლეჩხუმის გარდა, რაჭაშიც აქტიურად მიმდინარეობს. აღსანიშნავია რომ 2014-2015 წლებში ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ათვისებულ იქნა 45 ჰა სავენახე ფართობი, სადაც უნიკალური ვაზის ჯიშის (ალექსანდრეულ-მუჯურეთული) 120 ათასი ძირი გაშენდა.