ეგვიპტეში საქართველოს ელჩი ეგვიპტის ინვესტიციების მინისტრს შეხვდა

საქართველოს ელჩი ეგვიპტეში, არჩილ ძულიაშვილი ეგვიპტის ინვესტიციების მინისტრს, აშრაფ სალმანს შეხვდა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველო-ეგვიპტის ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივები და თანამშრომლობის სამომავლო გეგმები განიხილეს. ეგვიპტის ინვესტიციების მინისტრი მიმდინარე წლის მაისში საქართველოს ეწვევა, სადაც ეგვიპტის დელეგაციასთან ერთად, 14-15 მაისს, თბილისში დაგეგმილ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მმართველთა საბჭოს 24-ე შეხვედრას დაესწრება.

აშრაფ სალმანმა დიდი ინტერესი გამოთქვა 2015 წლის 15-16 ოქტომბერს თბილისში დაგეგმილ TBILISI SILK ROAD FORUM ფორუმთან დაკავშირებით, რის შესახებაც მას ელჩმა ინფორმაცია მიაწოდა. მინისტრმა ელჩს გააცნო ეგვიპტის ხელისუფლების მიერ ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით გატარებული სამუშაოები. აღინიშნა, რომ ეგვიპტის მთავრობა ყველანაირად ცდილობს ქვეყანაში საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებას. ამისათვის აუცილებელია ქვეყანაში სტაბილურობის აღდგენა და კორუფციასთან ბრძოლა.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს მარტში შარმ ელ-შეიხში გამართული საერთაშორისო ეკონომიკური კონფერენცია და მისი შედეგები.