ბრიუსელში ბელგია-ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭოს ორგანიზებით, კონფერენცია გაიმართება

ბრიუსელში, ბელგია-ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭოს ორგანიზებით კონფერენცია "საქართველოს ახალი შესაძლებლობები ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის პირობებში" გაიმართება.

ღონისძიება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ტარდება. მათივე ინფორმაციით, კონფერენცია წარიმართება სადისკუსიო პანელებისა და თემატური სესიების ფორმატით. ქართული მხრიდან მონაწილეობენ საქართველოს მინისტრთა კაბინეტის წევრები და სხვადასხვა საჯარო სტრუქტურების წარმომადგენლები. აღსანიშნავია, რომ ცალკე სადისკუსიო პანელის ფარგლებში განხილულ იქნება ის მთავარი პრინციპები და პირობები, რომლითაც ევროკავშირი ხელმძღვანელობს საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობისას, რათა მოხდეს მათი ინტერნაციონალიზაცია და ამასთანავე, საქართველო გაწევრიანდეს მეწარმეობის ევროპულ ქსელში. სადისკუსიო პანელში მონაწილეობას მიიღებს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს დირექტორი გიორგი ციკოლია.

სააგენტოს ხელმძღვანელი მიმოიხილავს საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშემწყობ სახელმწიფო პროგრამებს, ასევე იმ ღონისძიებებს, რომელთა მეშვეობით ხდება მეწარმეების დახმარება, რომ მათ დანერგონ ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისი საწარმოო პრაქტიკა და განახორციელონ ექსპორტი ევროკავშირის ბაზარზე.

გიორგი ციკოლია ასევე ისაუბრებს იმ შესაძლებლობებზე, რასაც ახალი სავაჭრო ხელშეკრულება ქმნის წარმოებისა და მომსახურებების განვითარების მიმართულებით და ამასთანავე მიმოიხილავს იმ დაბრკოლებებსაც, რომელსაც ქართველი მეწარმეები აწყდებიან ევროკავშირის ბაზარზე ექსპორტის განხორციელებისას. ყურადღება გამახვილდება მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მიერ მეწარმეობის ევროპულ ქსელთან წარმოებულ მოლაპარაკებებზეც, რათა უმოკლეს ვადებში მოხდეს საქართველოს გაწევრიანება. სადისკუსიო პანელს შეაჯამებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მიხეილ ჯანელიძე.

კონფერენციის ფარგლებში ასევე განხილული იქნება საქართველოსთან სავაჭრო ურთიერთობები და ქვეყანაში ინვესტირების შესაძლებლობები. მთავრობის წარმომადგენლები ყურადღებას გაამახვილებენ სწრაფი ეკონომიკური ზრდისა და ინვესტიციების შემოდინების კუთხით არსებულ გეგმებზე. კონფერენციის მეორე სესია დაეთმობა ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ხელშეკრულების სარეგულაციო ჩარჩოს განხილვას და მის ზეგავლენას საქართველოში პროდუქტებისა და მომსახურებების შემდგომ განვითარებაზე.