კახა კალაძე: ეკონომიკური გუნდის მინისტრების თანამდებობიდან გათავისუფლება პოპულისტური ნაბიჯი იქნებოდა

ეკონომიკური გუნდის მინისტრების თანამდებობიდან გათავისუფლება ჩვენი მხრიდან პოპულისტური ნაბიჯი იქნებოდა, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, გუნდი იმისთვის არის გუნდი, რომ ერთობლივად გაუმკლავდეს პრობლემას. "არავინ დავობს, რომ ლარის დევალვაციამ გარკვეული პრობლემები შეუქმნა ქვეყნის მოსახლეობას. ძალიან მძიმეა სოციალური ფონი, ძალიან უჭირთ ადამიანებს. ძალიან დამძიმდა ბევრი ადამიანის ცხოვრება, რადგან ბევრი ადამიანია ქვეყანაში, ვისაც სესხი დოლარში აქვს აღებული და ამის დაფარვა უწევს გაუფასურებული ლარის პირობებში. ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ შიდა პროცესებით განპირობებული. იმით, რომ დღეს გადაყენებული ყოფილიყო ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, ეს პრობლემა მოგვარებული იქნებოდა?! დღეს, ეკონომიკური გუნდის მინისტრების გადაყენება ჩვენი მხრიდან იქნებოდა მხოლოდ პოპულისტური ნაბიჯები. არსებობს პრობლემა და გუნდი იმისთვის არის გუნდი, რომ ჩვენ ერთობლივად შევძლებთ ამ გამოწვევებს გავუმკლავდეთ", - განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, ყველანაირი საფუძველი არსებობს იმისთვის, რომ უახლოეს დღეებში დაიწყოს ლარის კურსის დასტაბილურება.