გერმანიის რკინიგზის "დოიჩე ბანის" მემანქანეები გაფიცვას იწყებენ

გერმანიის რკინიგზის "დოიჩე ბანის" მემანქანეები ერთკვირიან გაფიცვას იწყებენ. "დოიჩე ველეს" ცნობით, ეს ბოლო 10 თვის განმავლობაში მემანქანეების რიგით მერვე გაფიცვა იქნება. როგორც პროფკავშირები აცხადებენ, სატვირთო მატარებლების მემანქანეები მუშაობას დღეს ადგილობრივი დროით 15:00 საათზე, ხოლო სამგზავრო მატარებლების მემანქანეები ღამის 02:00 საათზე შეწყვეტენ. ისინი ანაზღაურების 5 პროცენტით გაზრდას და სამუშაო საათების შემცირებას ითხოვენ.

მემანქანეების გაფიცვას ეხმაურებიან "დოიჩე ბანის" ოფიციალური წარმომადგენლები. მათი თქმით, გაფიცვა ყოველგვარ ზღვარს სცდება. "პროფკავშირების ქმედება მატარებლების მგზავრებს, "დოიჩე ბანის" თანამშრომლებს და გერმანიის ეკონომიკას სერიოზულად დააზარალებს", - წერია "დოიჩე ბანის" განცხადებაში.

გასულ თვეს მემანქანეების 43-საათიანი გაფიცვის შედეგად გაუქმდა რეისების ორი-მესამედი. "დოიჩე ბანში" 300 000 ადამიანია დასაქმებული, დღის განმავლობაში "დოიჩე ბანის" მატარებლებს 5,5 მილიონი ადამიანი გადაჰყავთ.