"აწარმოე საქართველოში" პროგრამის მონაწილეები ბიზნეს-ადმინისტრირების პროგრამას გაივლიან

დღეიდან, 4 მაისიდან "აწარმოე საქართველოში" პროგრამის მონაწილეები ბიზნეს-ადმინისტრირებაში ხუთდღიან პროგრამას გაივლიან, რომელიც მათ ბიზნესისთვის აუცილებელ, მენეჯმენტის პოლიტიკისა და სტრატეგიის დაგეგმისთვის საჭირო უნარ-ჩვევების შემუშავებასა და დახვეწაში დაეხმარება.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამა მეწარმოების განვითარების სააგენტოს თანამონაწილეობით და EY Georgia (yofili Ernst & Young) ბიზნეს აკადემიის ხელშეწყობით, "აწარმოე საქართველოში" პროგრამის ტექნიკური მხარდაჭერის ფარგლებში ხორციელდება.

"მეწარმოების განვითარების სააგენტოს მთავარი მიზანია, ხელი შეუწყოს კერძო სექტორს სამი მიმართულებით:

1. მისაწვდომი გახადოს ცოდნა და საკონსულტაციო მომსახურება ადგილობრივი კომპანიებისთვის, რაც ხელს უწყობს წარმოების პროცესის, ოპერაციების მენეჯმენტისა და ბიზნეს ციკლის გაუმჯობესებას.

2. უზრუნველყოს მცირე და საშუალო ბიზნესის წვდომა დაფინანსებაზე სხვადასხვა სქემების მეშვეობით (საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსება, გირაოს თანადაფინანსება, გრანტები, სალიზინგო მომსახურება და ა.შ)

3. მოახდინოს ექსპორტის განვითარება და ხელი შეუწყოს ქართული პროდუქციის პოპულარიზაციას საერთაშორისო ბაზრებზე: საერთაშორისო გამოფენების, შიდა და გარე სავაჭრო მისიების და ონლაინ მარკეტინგის მეშვეობით.

დასახული მიზნების მისაღწევად მეწარმეობის განვითარების სააგენტომ შეიმუშავა მიზანმიმართული პროგრამები. შეთავაზებული მოდულებია: ბიზნეს სტრატეგია, ფინანსები, პირადი ეფექტიანობის ამაღლება და მართვის ეფექტიანი გამოყენება", - აცხადებენ სამინისტროში.