საყოველთაო აღწერამ ეკონომიკა ამოაყირავა

მშპ მკვეთრად გაიზრდება, საერთაშორისო რეიტინგებშიც 15-18 საფეხურით ავმაღლდებით, მაგრამ უმუშევრობაც მოიმატებს

როგორც გაზეთი "რეზონანსი " წერს, აღწერის შედეგებმა საქართველოს მაკროეკონომიკური მაჩვენებელი თავდაყირა დააყენა. მოსახლეობის შემცირების ფონზე ქვეყანას სტატისტიკურად უფრო მეტი უმუშევარი ეყოლება, სამაგიეროდ, ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელი დაახლოებით 736 დოლარით გაიზრდება. მნიშვნელოვნად შეიცვლება საერთაშორისო სარეიტინგო მაჩვენებლები. ირკვევა, რომ ყველა ფუნდამენტური კვლევა, რომლებსაც ეკონომისტები აკეთებდნენ, არასწორ სტატისტიკურ მონაცემებს ეფუძნებოდა.

შეიძლება ითქვას, რომ ”ქართული ოცნების” კიდევ ერთი დაპირება ისე ”შესრულდა”, რომ მთავრობას ამისთვის თითის განძრევაც კი არ დასჭირვებია. სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ქვეყანაში 3 მლნ 730 ათასი ადამიანი აღნუსხა. თუკი აღნიშნული წინასწარი მაჩვენებელი არ შეიცვალა, ეს იმას ნიშნავს, რომ ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელი დაახლოებით 20%-ით 3680 დოლარიდან 4416 დოლარამდე გაიზრდება. უფრო მეტიც, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორის სოსო არჩვაძის განცხადებით, თუკი აღნიშნული მაჩვენებელი მყიდველუნარიანობის პარიტეტით დაითვლება, მშპ კიდევ მეტი გამოვა.

”თუ აღნიშნული წინასწარი ინფორმაცია არ შეიცვალა, ქვეყანა სერიოზული გამოწვევის წინაშე დადგება. დაგვჭირდება მაკროეკონომიკური პარამეტრების ცვლილება 2002 წლის მომდევნო პერიოდისთვის. ეს ეხება მოსახლეობის ერთ სულზე მშპ-ს, მოხმარების მასშტაბს, ბიუჯეტის სიდიდეს, საგარეო ვალს, უმუშევრობის მაჩვენებელს და ა.შ.”, - აღნიშნავს სოსო არჩვაძე.

გარდა ამისა, დასაზუსტებელი იქნება მიგრაციის სალდო, ქვეყანაში შემომსვლელ-გამსვლელთა რაოდენობა, ასევე ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის მაჩვენებელი. ”ჩვენ ვდგავართ მრავალი, სერიოზული გამოწვევის წინაშე, რომელსაც პასუხი მარტო სტატისტიკამ არ უნდა გასცეს. ეს უკვე გასცდა დემოგრაფიულ-სტატისტიკურ პრობლემას და გაცილებით უფრო სერიოზული გამოწვევაა, ვიდრე, მაგალითად, მთავრობის დამტკიცების ერთი კვირით გადავადება”, - ამბობს სოსო არჩვაძე.

მართალია, ამ შემთხვევაში მშპ-ს მატება მოსახლეობის კეთილდღეობის გაზრდაზე არ მიუთითებს, სამაგიეროდ, საქართველო მსოფლიო ეკონომიკურ რეიტინგებში, დაახლოებით, 15-18 პუნქტით წინ წაიწევს. ”ქვეყანა უკვე დადგა სერიოზული გამოწვევის წინაშე, ვინაიდან მკვეთრად არის შემცირებული მოსახლეობის რაოდენობა. აუცილებლად გაიზრდება ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებელი - მშპ ერთ სულ მოსახლეზე, ასევე საშუალო შემოსავალი, თუმცა ეს მოსახლეობის კეთილდღეობას ვერ განსაზღვრავს, უბრალოდ, მშპ გვექნება სტატისტიკურად უფრო მაღალი. თუ ლარის დევალვაციასაც გავითვალისწინებთ, მართლაც შეიძლება ”ახდეს” მთავრობის 2020 წლის სტრატეგიაში გაწერილი მშპ-ს 13 ათას დოლარამდე გაზრდა”, - ამბობს ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრის პრეზიდენტი რამაზ გერლიანი და აღნიშნავს, რომ ახალ მონაცემებს რეიტინგებში თავისი უპირატესობა ექნება.

მისი აზრით, მართალია, მოსახლეობის ცხოვრების დონე არ შეიცვლება, მაგრამ ერთგვარი წინსვლაა, როდესაც ჩვენი ქვეყანა რეიტინგში რამდენიმე პუნქტით დაწინაურდება. ეს ფაქტორი, შეიძლება ინვესტორებისთვისაც ერთგვარი სტიმული აღმოჩნდეს. ”კარგია მოკლევადიან პერიოდში, თუმცა რაღაც ინდიკატორის გამო ინვესტორი კაპიტალდაბანდების გადაწყვეტილებას არ მიიღებს. სამწუხაროა, რომ მხოლოდ ამ კუთხით ვწინაურდებით და არა რეალური მაჩვენებლით”, - ამბობს გერლიანი.

ექსპერტ ემზარ ჯგერენაიას განცხადებით, მოსახლეობის აღწერის შედეგებმა ერთგვარი გაუგებრობა შექმნა. ჯერ ერთი, რომ იცვლება მაკროეკონომიკური პარამეტრები, თანაც ეკონომისტები ამა თუ იმ კვლევას არასწორ სტატისტიკურ მაჩვენებლებზე აკეთებდნენ.

”მოსახლეობის რაოდენობა შეიცვალა და შესაბამისად, შეიცვლება მონაცემიც. ერთ სულ მოსახლეზე მშპ გაიზრდება, უფრო სწორად იგივე დარჩება, მაგრამ გაიყოფა უფრო ნაკლებ ადამიანზე. ეს იქნება მექანიკური ზრდა. სამაგიეროდ, დასაქმების მაჩვენებელი გაუარესდება. რაც შეეხება საერთაშორისო ორგანიზაციებს, პარამეტრების კორექტირებას, ამას ყველა ქვეყანა ახდენს, თუმცა ჩვენ აღმოვჩნდით უცნაურ სიტუაციაში. ყველა შემთხვევაში ხელახლა უნდა მოხდეს გადაანგარიშება, რომ სრულყოფილი მაკროეკონომიკური პარამეტრები მივიღოთ. აქამდე, კვლევას ვაკეთებდით არასწორ სტატისტიკურ მაჩვენებლებზე დაყრდნობით და სწორედ ეს ქმნის გაუგებრობას”, - ამბობს ჯგერენაია.

ამასთანავე, აუცილებლად შეიცვლება ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის მონაცემები. ახალ აღწერამდე სტატისტიკოსები საქართველოში 2 მლნ ეკონომიკურად აქტიურ ადამიანს ითვლიდნენ. უფრო ზუსტად, მოსახლეობა 15 წელზე ზევით 3 მილიონი იყო, მათგან ეკონომიკურად არააქტიური 1 მილიონი. არ არის გამორიცხული, რომ ახალმა შედეგებმა ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის მაჩვენებელიც შეამციროს.

”ჩვენ შეგვიმცირდება ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობა, მაგრამ საინტერესოა, როგორ მოხდება დასაქმებულებისა და უმუშევრების გადანაწილება. შეიძლება შემცირდეს დასაქმებულთა რაოდენობა, მაგრამ უმუშევართა რიცხოვნობა უცვლელი დარჩეს, თუმცა მკვეთრად გაგვეზრდება უმუშევრობის ფაქტობრივი დონე. ახლა მხოლოდ პირველადი მონაცემები გამოქვეყნდა. ჩვენ არ ვიცით, როგორია მოსახლეობის მედიანური ასაკი. ეს, ალბათ, ჩვენი მოსახლეობის დაბერებისკენ კიდევ ერთი ”წინგადადგმული ნაბიჯი” იქნება. ეკონომიკურ ინდიკატორთა მთელი ბლოკი სერიოზულ გადასინჯვას მოითხოვს”, - ამბობს სოსო არჩვაძე.

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა კი საერთაშორისო ორგანიზაციებს კორექტირებული მაჩვენებელი უნდა გადაუგზავნოს. ”თანაც შეატყობინოს, რომ ამდენი ხნის განმავლობაში მცდარ ინფორმაციას აწვდიდა”, - ამბობს არჩვაძე. სპეციალისტების აზრით, ასევე საინტერესოა, როგორ იქნება მოსახლეობაში ეთნიკური ჰომოგენურობა, ანუ რამდენად შეიცვლება მთლიან მოსახლეობაში ეროვნებით ქართველი მოსახლეობის წილი.

მაკა ხარაზიშვილი

წყარო: გაზეთი ”რეზონანსი