ერაყის მიმართულებით ავიარეისები განახლდება

მიმდინარე წლის ივნისიდან ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ თბილისი-ერბილი-თბილისის მიმართულებით ავიარეისებს შეასრულებს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, თვეში 32 რეგულარული ავიარესიის შესრულება იგეგმება.

საქართველოსა და ერაყს შორის ავიამიმოსვლის აღდგენის და საქართველოს მიმართულებით ტურისტული ნაკადების მოზიდვასთან დაკავშირებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე ერაყის მთავრობის წარმომადგენლებს და ერაყის უმსხვილესი ტურისტული კომპანიის StarAlliance-ის ხემძღვანელებს შეხვდა.

ერაყული ტურისტული კომპანია StarAlliance გენერალური მენეჯერის ემად რაშიდის განცხადებით, ელექტრონული ვიზის პორტალის შემოღების შემდეგ ერაყელი მოქალაქეებისათვის საქართველოში მოგზაურობა გამარტივდა. ელექტრონული ვიზის პორტალი www.evisa.gov.ge 2015 წლის 10 თებერვლიდან ამოქმედდა. მისი მეშვეობით საქართველოში ტურისტული და საქმიანი მიზნით მომავალ უცხოელებს შესაძლებლობა მიეცემათ, შეავსონ online განაცხადი და საზღვარგარეთ საქართველოს საკონსულო დაწესებულებებში გამოცხადების გარეშე მიიღონ ელექტრონული ვიზა.