საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატაში არასამთავრობო ორგანიზაცია "ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველომ" პრეზენტაცია გამართა

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატაში არასამთავრობო ორგანიზაცია "ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველომ" გამართა პრეზენტაცია "სამეწარმეო განათლების მნიშვნელობა მომავლისათვის".

ღონისძიება "ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველოს" სამეწარმეო განათლების ევროპულ ოჯახში ინტეგრაციის პროექტის ფარგლებში მოეწყო. პროექტი ხორციელდება სავაჭრო-სამრეწველო პალატის აკადემიის, ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ესტონეთის განვითარების ფონდის მხარდაჭერით. პრეზენტაციას დაესწრნენ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის გენერალური დირექტორი ნინო ჩიქოვანი, საქართველოში ესტონეთის ელჩი პრიტ ტურკი, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და საერთშორისო ორგანიზაციები.

როგორც ორგანიზაცია "ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველოს" აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გეგეშიძემ განაცხადა, ორგანიზაცია ახორციელებს პროგრამას "მოსწავლეთა კომპანია", რომელიც აღიარებულია მსოფლიო ევროკომისიის დირექტორატის მიერ როგორც საუკეთესო პრაქტიკა მეწარმეობაში. მისივე ინფორმაციით, რამდენიმე წელიწადია ტარდება ევროპის ჩემპიონატი. წელს, 26-ე ჩემპიონატი გერმანიაში, ბერლინში იმართება, სადაც მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს წარმომადგენლები. დასკვნით შემაჯამებელ ფინალში ქართული ჯგუფებიდან გამარჯვებული გუნდი გამოვლინდება, რომელიც გერმანიაში გაემგზავრება. სპეციალურად ამ კონკურსისთვის საქართველოში ჩამოვიდნენ ესტონელი პარტნიორები, რომელთა ერთადაც "ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველო" ახორციელებს ევროპასთან ინტეგრაციის პროგარამას სამეწარმეო განათლების კუთხით. ეკა გეგეშიძის ინფორმაციით, ესტონეთის დელეგაციას დაგეგმილი აქვს სხვადასხვა ტიპის აქტივობები და ტრენინგები.

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის აკადემიის დირექტორმა მაკა კუკავამ აღნიშნა, რომ აკადემია პროექტის სრული მხარდამჭერია. მისივე თქმით, პროექტი ორიენტირებულია ახალგაზრდების უნარ-ჩვევების განვითარებაზე, კერძოდ, მეწარმეობის საკითხებში. მაკა კუკავას განცხადებით, პალატის აკადემია უახლოეს მომავალში გეგმავს, არაფორმალური პროფესიული განათლების მიმართულებით ღონისძიებების განხორციელებას. მანვე კმაყოფილება გამოთქვა, რომ პროექტში მონაწილეობა მიიღო 20 სკოლის 50 გუნდმა.

პროექტში გამარჯვებული გუნდი გერმანიაში გაემგზავრება.