გურჯაანში სამაცივრე მეურნეობა შეიქმნება

"აწარმოე საქართველოში" პროგრამის ფარგლებში, გურჯაანში სამაცივრე მეურნეობა შეიქმნება. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე, სახელმწიფო პროგრამის "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში, დამტკიცდა განკარგულების პროექტი "სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს "წალკა აგროსათვის" პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ", რომლის მიხედვით შპს "წალკა აგროს" სიმბოლურ ფასად, 1 ლარად საკუთრებაში ქ. გურჯაანში, სარაჯიშვილის ქუჩაზე მდებარე 32 595.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ქონების საბაზრო ღირებულება 180 000 ლარია) გადაეცა.

სამინისტროს ინფორმაციით, კომპანია გადაცემულ ქონებაზე სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შესანახი სამაცივრეების შექმნას გეგმავს, რომელიც ფუნქციონირებას დაიწყებს განკარგულების გამოცემიდან არაუმეტეს ორი წლის ვადაში. "წალკა აგრო" სამაცივრეების შესაქმნელად 720 000 ლარის ინვესტიციას განახორციელებს.  როგორც სამინისტროში აცხადებენ, სამაცივრე მეურნეობაში 30 ადამიანი დასაქმდება.