პროგრამის - "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში თბილისში კიდევ ერთი საწარმო შეიქმნება

სახელმწიფო პროგრამის დახმარებით, თბილისში კიდევ ერთი საწარმო შეიქმნება.ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით,  საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, პროგრამის - "აწარმოე საქართველოში" ინფრასტრუქტურული კომპონენტის ფარგლებში სახელმწიფოს კუთვნილი ქონება საწარმოს შესაქმნელად შპს "საქელექტროდს" სიმბოლურ ფასად გადაეცა.

სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში, იპოლიტ-ივანოვის ქუჩაზე მდებარე 1985.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობა, რომელთა საბაზრო ღირებულებაც 146 530 ლარია, კომპანიამ 1 ლარად მიიღო. როგორც სამინისტროში აცხადებენ, სახელმწიფოს წინაშე აღებული ვალდებულებების მიხედვით, შპს "საქელექტროდის" მიერ გადაცემულ ქონებაზე დაგეგმილია არაძვირფასი ლითონებისა და მათი ნაწარმის საწარმო, სადაც დაახლოებით 30 ადამიანი დასაქმდება. კომპანია ამისთვის 879 180 ლარს დახარჯავს და წარმოების დაწყებიდან არანაკლებ 2 წლის განმავლობაში 45 ტონა ელექტროდის წარმოებას უზრუნველყოფს.

სამინისტროს ინფორმაციით, შპს "საქელექტროდის" პროდუქციის ექსპორტი კავკასიის რეგიონშიც განხორციელდება.