ანაკლიაში მეთხილეობის დარგის განვითარების ფორუმი გაიმართა

ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში, დიდი ბრიტანეთის საქველმოქმედო ორგანიზაცია "ოქსფამ"-ის (OXFAM) ორგანიზებით და ევროკავშირის დაფინანსებით, ანაკლიაში, სასტუმროში ,,პალმ ბიჩ" საქართველოში მეთხილეობის დარგის განვითარების ფორუმი გაიმართა.

ფორუმი საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ გახსნა. ფორუმში სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების ხელმძღვანელი პირები, ასევე ევროკავშირის, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP), ENPARD-ის განმახორციელებელი კონსორციუმებისა და ბენეფიციარი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების წარმომადგენლები, თხილის დარგში მოღვაწე წამყვანი სპეციალისტები და მეცნიერები იღებდნენ მონაწილეობას.

ფორუმს შპს "აგრიჯორჯიას" (კორპორაცია "ფერეროს" შვილობილი კომპანია) და თხილის გადამმუშავებელი სხვა ადგილობრივი და უცხოური საწარმოების, ექსპორტიორი ორგანიზაციების, ადგილობრივი ხელისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ოთარ დანელიამ ფორუმის მონაწილეებს სოფლის მეურნეობის განვითარების განახლებული სტრატეგია, სამოქმედო გეგმა და თხილის დარგის განვითარების ახალი სახელმწიფო პროგრამა გააცნო. მინისტრმა სამინისტროს ინიცირებით შემუშავებულ პროექტებზეც ისაუბრა.

"საქართველოსთვის თხილი უმსხვილესი და სტრატეგიულად უმნიშვნელოვანესი საექსპორტო დარგია. შარშანდელი მონაცემებით, საქართველოდან თხილის ექსპორტის ჯამურმა ღირებულებამ 183 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რითაც ღვინის ექსპორტს გადააჭარბა და საქართველოს საექსპორტო სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებს შორის პირველ ადგილზე გადაინაცვლა. საქართველო თხილის მწარმოებელი და ექსპორტიორი უმსხვილესი ქვეყნების პირველ ათეულში შედის და თხილის წარმოება საქართველოში მცხოვრები 50000-მდე საოჯახო ფერმერული მეურნეობისთვის შემოსავლების უმთავრეს წყაროს წარმოადგენს. ამდენად, მაკროეკონომიკური მაჩვენებლების გაუმჯობესების გარდა, ამ დარგს საქართველოში სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის სოციალ-ეკონომიკური კეთილდღეობის მოტანა შეუძლია", - ნათქვამია განცხადებაში.

ფორუმი საქართველოში თხილის დარგისა და ბიზნესის განვითარებით დაინტერესებული ნებისმიერი მხარისთვის საკოორდინაციო პლატფორმას წარმოადგენს, რის ფარგლებშიც, დაგეგმილია საზოგადებასა და მთავრობას შორის აღნიშნული დარგის განვითარების ხელშემწყობი პოლიტიკის ერთობლივად გამომუშავება და მისი კოორდინირებულად და გამჭვირვალედ განხორციელების უზრუნველყოფა.

ფორუმის მონაწილე მხარეები თხილის დარგთან მიმართებაში საქართველოს მთავრობის გეგმებსა და პროგრამებს გაეცნენ და თავიანთ ხედვები წარმოადგინეს. ასევე, საზოგადოებრივი დისკუსია გაიმართა.