ლატვიაში სარეკლამო კამპანია "ზაფხული საქართველოში" მიმდინარეობს

ლატვიაში სარეკლამო კამპანია "ზაფხული საქართველოში" მიმდინარეობს, - ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ მიზნობრივ ბაზრებზე, 2015 წელს საზღვარგარეთ ზაფხულის მარკეტინგული კამპანიებისთვის ბოლო წლებთან შედარებით ბევრად მაღალი თანხა, კერძოდ, 8 000 000 ლარი დაიხარჯება.

"ტურიზმის ადმინისტრაციამ უკვე დაიწყო მომზადება ზაფხულის ტურისტული სეზონისათვის. ამისათვის უკვე დაიწყო აქტიური მარკეტინგული კამპანიები აზერბაიჯანში, თურქეთში, უკრაინაში, ყაზახეთში, ბელორუსში, ლატვიაში, უნგრეთში, ისრაელში, რუსეთში. ამასთანავე, იგეგმება დამატებით მრავალი პრეს და გაცნობითი ტურები წამყვანი საერთაშორისო ჟურნალისტებისა და ტურ-ოპერატორებისათვის", - ნათქვამია განცხადებაში.

ლატვიაში 70 ბანერი განთავსდა, რომელზეც გამოსახული საქართველოს ფოტოები და ბანერები 10 დღეში ერთხელ იცვლება. კამპანია, რომელიც ზაფხულის ტურისტული სეზონისთვის არის მიმართული, ლატვიაში 1 აპრილს დაიწყო და 30 მაისამდე გაგრძელდება.