აღმაშენებლის ხეივანში მოძრაობა შეფერხებულია

თბილისში, აღმაშენებლის ხეივანში საავტომობილო გზაზე გარკვეული შეზღუდვებია დაწესებული. ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის "თბილისი 2015"-ის მოსამზადებელი სამუშაოების ფარგლებში დაგეგმილი სატესტო ველორბოლის გამო, დღეს, აღმაშენებლის ხეივანში საავტომობილო გზაზე გარკვეული შეზღუდვები უკვე ამოქმედდა.

როგორც ველოსპორტის ფედერაციის ხელმძღვანელმა ომარ ფხაკაძემ განაცხადა, ამ დროისთვის აღმაშენებლის ხეივანში, "მარი მარკეტის" მიმდებარე ტერიტორიაზე, 500 მეტრი გზის მონაკვეთი უკვე დაკეტილია; 15:00 საათიდან 17:30 საათამდე კი, შეზღუდვა "თბილისი მოლამდე" იმოქმედებს. მისივე თქმით, მზადება მიმდინარეობს ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი "თბილისი 2015"-სთვის, რომლის ფარგლებშიც, დღეს აღნიშნული გზის მონაკვეთზე სატესტო ველორბოლა გაიმართება კონკრეტული გეგმით, როგორც ეს "თბილისი 2015"-სთვის არის დაგეგმილი.

როგორც ფხაკაძემ აღნიშნა, აღმაშენებლის ხეივანში, ტრანსპორტის მოძრაობა დაახლოებით, 17:30 საათზე აღდგება. მისივე თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით საქმის კურსში არის საპატრულო პოლიცია და ქალაქის მერია.