რაულ ხაჯიმბა:აფხაზეთი შესაძლოა აგრარულ სფეროში რუსული იმპორტის ჩანაცვლების პროგრამას შეუერთდეს

აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბას განცხადებით, აფხაზეთი შესაძლოა აგრარულ სფეროში რუსული იმპორტის ჩანაცვლების პროგრამას შეუერთდეს.ამის შესახებ ხაჯიმბამ სოჭში, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისას განაცხადა.

"ჩვენ ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ იმისთვის, რომ თავადაც შევთავაზოთ რუსეთს რაღაც და მხოლოდ ცარიელი საუბრებით არ შემოვიფარგლოთ", - აღნიშნა აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა.

რაულ ხაჯიმბას თქმით, სოჭში გამართულ შეხვედრაზე ასევე განიხილებოდა აღმოსავლეთ აფხაზეთში რუსული ინვესტიციების მიზიდვის საკითხი.

"ჩვენ ასევე შევეხეთ სარკინიგზო გზის კრედიტის პრობლემას და სოხუმის აეროპორტის აღდგენის საკითხს. რუსეთის ხელისუფლება გაგებით ეკიდება და მხარდაჭერას უცხადებს აფხაზეთის პრობლემებს", - აღნიშნა სოჭში გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტმა.