მთავრობა ერთ თვეში მეჩაიეობის განვითარების ახალ პროგრამას წარადგენს

საქართველოს მთავრობა ერთ თვეში მეჩაიეობის განვითარების ახალ პროგრამას წარადგენს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს გურიაში, რეგიონის ეკონომიკური პოტენციალის პრეზენტაციის შემდეგ განუცხადა.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრემიერმა ამ მიმართულებით გურიის დიდ პერსპექტივას გაუსვა ხაზი.  "წლების განმავლობაში, ჩაის და წარმოების განვითარებას ყურადღება არ ექცეოდა. ჩვენ მნიშვნელოვან ცვლილებებს განვახორციელებთ ამ მიმართულებით და მიმაჩნია, რომ ეს იქნება კიდევ ერთი წარმატებული პროგრამა", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ხელისუფლება ასევე მუშაობს მთის კურორტების განვითარების, მათ შორის გომისმთის უნიკალური ტურისტული პოტენციალის ათვისების მიმართულებით, ასევე, მუშავდება ბახმაროს კონცეფცია.