ირაკლი ღარიბაშვილი: ტურიზმის მხრივ გურიის რეგიონს შთამბეჭდავი პოტენციალი აქვს

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ტურიზმის მხრივ გურიის რეგიონს შთამბეჭდავი პოტენციალი აქვს.

როგორც პრემიერმა გუშინ ოზურგეთში ბიზნესმენებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა, მთავრობა მუშაობს რამდენიმე საკურორტო ზონის განვითარების კონცეფციაზე, რომელსაც უახლოეს პერიოდში წარმოადგენს.

"გურიის რეგიონს შთამბეჭდავი პოტენციალი აქვს - შავიზღვისპირეთში მდებარე კურორტები, ეს არის ურეკი, შეკვეთილი, გრიგოლეთი, მაღალმთიან ალპურ ზონაში - უნიკალური ადგილი ბახმარო, რომლის განვითარების კონცეფციას უახლოეს მომავალში წარმოგიდგენთ და გომისმთა, რომელიც მართლაც უნიკალურია. აქ შესაძლებელია როგორც ზაფხულის, ისე ზამთრის ტურიზმის განვითარება. თქვენ იცით ურეკის უმდიდრესი მაგნიტური რესურსის შესახებ, უზარმაზარი პერსპექტივა აქვს ამ კურორტს. გომისმთა არის მართლაც გამორჩეული ადგილი. იგი მდებარეობს ზღვის დონიდან 2250 მეტრზე. აქ შეზავებულია ზღვისა და მთის ჰაერი, რაც კიდევ უფრო მეტად უნიკალურს ხდის ამ ადგილს. არის მინერალური წყლები, განუმეორებელი ბუნება და ჭინჭაოს ტბა, რომელიც მართლაც დაუვიწყარ შთაბეჭდილებას მოახდენს ტურისტებზე. გომისმთა არის უხვთოვლიანი, ზამთრის პერიოდი გრძელდება 7-8 თვეს, იდეალურია სამთო-სათხილამურო სპორტის განვითარებისთვის და ჩვენი მიზანია ინვესტორების დაინტერესება ამ ადგილით. ამ ადგილის განვითარების კონცეფციაზე მუშაობა უკვე დავიწყეთ. ასე რომ, ინვესტორებს აქვთ საშუალება, გომისმთით დაინტერესდნენ. რაც მთავრობის გასაკეთებელი იქნება – გზები, წყალი, ელექტროენერგია – დავიწყებთ წელსვე და მომავალ წელს დავასრულებთ. იმედია, ეს კურორტი ურეკთან ერთად, იქნება ყველაზე საინტერესო ადგილი როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ტურისტებისთვის", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, წლების განმავლობაში გურიაში უამრავი პრობლემა იყო დაგროვილი, მათ შორის წყლის პრობლემა, ხოლო მთავრობამ დაიწყო სხვადასხვა პროექტის განხორციელება რეგიონის განვითარებისთვის.