Financial Times: საქართველოს იმედები ევროპასთან დაკავშირებით იმედგაცრუებად იქცა

საქართველოს იმედები ევროპასთან დაკავშირებით იმედგაცრუებად იქცა, - ამ სათაურით აქვეყნებს საქართველოს შესახებ სტატიას Financial Times, სადაც რამდენიმე დღეში რიგაში დაგეგმილ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზეც არის საუბარი.

"თბილისი იმედოვნებდა, რომ ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის შესახებ შეთანხმებას მიაღწევდა რიგის სამიტზე. ამის ნაცვლად, გეგმები გადაიდო - საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები შიშობენ, რომ ეს პოლიტიკური მიზეზების გამო მოხდა მაშინ, როდესაც ყოფილმა საბჭოთა რესპუბლიკამ ევროკავშირთან ასოცირების და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები გასული წლის ივნისში გააფორმა, ამ დრომდე ჩვეულებრივმა მოქალაქეებმა მხოლოდ მცირეოდენი სარგებელი იგრძნეს. უვიზოდ მიმოსვლა კი მათთვის ხელშესახები სარგებელი იქნებოდა", - წერს ნილ ბაკლი თავის სტატიაში.

ბაკლი სტატიაში აღნიშნავს, რომ გასული წლის სექტემბერში საქართველომ ნატო-ს სამიტზე ვერც MAP-ი მიიღო. სტატიის ავტორი საქართველოში შექმნილ ეკონომიკურ მდგომარეობაზეც ამახვილებს ყურადღებას. "ეკონომიკურმა დაღმასვლამ, რომელიც ნაწილობრივ მეზობელ რუსეთში რეცესიამ გამოიწვია და, რომელმაც ეროვნული ვალუტის ღირებულების მესამედი შეიწირა, საქართველოს მოსახლეობაში იმედგაცრუება გამოიწვია. ეს კარს უღებს ასევე რუსეთის გავლენის განახლებას" - აღნიშნულია სტატიაში.

ნილ ბაკლის აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ ჩატარებული გამოკითხვებიც მოჰყავს, რომლის მიხედვითაც "მოსახლეობის 31 პროცენტი მხარს უჭერს ევრაზიულ კავშირში შესვლას მაშინ, როდესაც ორი მესამედი კვლავ მხარს უჭერს დასავლეთთან ინტეგრაციას. ალტერნატიული გაერთიანების მხარდამჭერთა პროპორციული მაჩვენებელი ბოლო წლის განმავლობაში გაორმაგდა".

სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ 2003 წელს მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით მომხდარი ვარდების რევოლუციის შემდეგ, საქართველო ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებს შორის ეკონომიკური რეფორმების ჩემპიონად და დემოკრატიულ შუქურად განიხილებოდა. "უფრო მეტიც, მისი ადგილმდებარეობა ძალიან სტრატეგიულია. ქვეყნის ტერიტორიაზე გადის აზრბაიჯანიდან დასავლეთის მიმართულებით გაყვანილი ნავთობ და გაზსადენები, რომლებიც ევროპისთვის რუსული ენერგიის ალტერნატიული წყაროა", - წერს ავტორი.

იგი ასევე აღნიშნავს, რომ უკრაინის კონფლიქტმა რუსეთის შესახებ საქართველოს მოსახლეობის მოსაზრებები შეცვალა. ამას გარდა, მისივე თქმით, ერთ-ერთი უცხოელი დიპლომატი აღნიშნავს, რომ უკრაინის კონფლიქტმა "ნერვული აღელვება გამოიწვია", რომლის გამოც ნატო-მ შესაძლოა, ბოლოს და ბოლოს 2008 წლის დეკლარაცია შეასრულოს, რომლის მიხედვითაც, საქართველო ერთ დღეს ალიანსის წევრი გახდება. სტატიაში მოყვანილია გია ნოდიას კომენტარიც: "ბევრი ქართველი ევროპას სუსტ და გაუბედავად მიიჩვენს. თუმცა, პუტინი გამოიყურება როგორც ძლიერი ადამიანი, რომელიც თავის გზას აგრძელებს. ამიტომაც ადამიანები ფიქრობენ, თუ რა კონკრეტულ სარგებელს იღებენ ისინი ევროპისგან" - ამბობს გია ნოდია.

ამასთან, სტატიის ავტორის თქმით, ამ მხრივ გარკვეული როლი ითამაშა 2012 წელს სააკაშვილის მთავრობის მოულოდნელმა მარცხმა და მილიარდერი ბიზნესმენის, ბიძინა ივანიშვილის გამარჯვებამაც. "მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მოსკოვთან კავშირების აღდგენა დაიწყო. შედეგად მოსკოვმა ათი წლი წინ ქართულ ღვინოზე, მინერალურ წყალსა და სოფლის მეურნობის პროდუქციაზე დაწესებული შეზღუდვები მოხსნა, რამაც ეკონომიკის წინსვლა განაპირობა. "ქართული ოცნების" მთავრობამ ასევე კვლავ ჩართო რუსულ ტელეარხები, რომლებიც 2008 წლის ომის შემდეგ აკრძალული იყო. პრორუსული ხმები, რომლებიც წინა მთავრობის დროს არ ისმოდა, ახლა ქართულ მედიაში კვლავ ისმის", - წერია სტატიაში.

ავტორი აღნიშნავს, რომ მიუხედავად ამისა, რუსეთი მაინც მკაცრ ძალაუფლებას იყენებს, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მან ე.წ სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან ე.წ. ხელშეკრულებები გააფორმა, რაც ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიასთან მიახლოებას გულისხმობს. ნილ ბაკლი ასევე აღნიშნავს, რომ ანალიტიკოსების თქმით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში კრემლის მხარდაჭერილმა პოლიტიკურმა ძალამ გაიმარჯვოს.